ყველა ადამიანი იტყუება. აკუტაგავა და აკირა კუროსავა. ვერ გეტყვით, რომელი მათგანია ადამიანთა სულების უფრო დახვეწილი ინჟინერი. მორალური ფილოსოფია, კინემატოგრაფიული გამოხატულება – შეეხო ადამიანის არსებობის მარადიულ კითხვებს მათი სამყაროში არსებობის ენაა. კუროსავა 1910 წელს სამურაის ოჯახში დაიბადა. ის თავისი ეპოქის ადამიანი იყო, რომელმაც განათლება ისევე, როგორც იაპონურ ტრადიციებზე, ასევე დასავლურ კულტურასა და ცოდნაზე დაყრდნობით, მიიღო. კუროსავამ პირველმა შემოიტანა კინოს სამყაროში ფილმის მესიჯში ჩადებული სიუჟეტის, პერსონაჟებისა და იდეების ფარდობითობის კონცეფცია.
,,რაშომონი’’(1950) კინემატოგრაფიული ხელოვნების მარადიული მაგალითია, რომელიც ადამიანის ბუნებისა და ჭეშმარიტების მრავალმხრივ ასპექტებს ავლენს და მაყურებელს შინაგანი დიალოგის მუდმივ მდგომარეობაში ტოვებს. „რაშომონში“, რომელშიც ერთი და იგივე მოვლენის ამბავი სხვადასხვა თვალსაზრისით არის წარმოდგენილი, კუროსავა ხაზს უსვამს ჭეშმარიტების მრავალმნიშვნელოვნებასა და მრავალმხრივობას. სიუჟეტი ჭეშმარიტების ფარდობითობის მეტაფორა ხდება, ადამიანური ურთიერთობებისა და ზნეობის კონტექსტში. სიმბოლოები, როგორიცაა უღრანი ტყე და წვიმა, ჭეშმარიტების ბურუსს ამტკიცებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ ყველა შესაძლოა, იტყუებოდეს. ამას ხომ რაშომონის ეფექტის სახელით მოიხსენიებენ – სხვადასხვა ადამიანის მიერ ერთი და იმავე მოვლენის ურთიერთსაპირისპირო აღქმას. ფრაზა იაპონური კლასიკური ზღაპრიდან მომდინარეობს და სწორედ აქედან იბადება ფილმის იდეოლოგიაც, რომელიც აღქმის სუბიექტურობას გვიჩვენებს და გვარწმუნებს, თუ როგორ განსხვავდება ერთი ადამიანის თვალით დანახული სიმართლე მეორე ადამიანის ჭეშმარიტებისაგან. ფილმში ვლინდება თუ როგორ ამახინჯებს ან აზვიადებს აღქმა სხვადასხვა ადამიანის მოგონებებს ერთ კონკრეტულ ამბავზე, ამ შემთხვევაში, სამურაის სიკვდილზე. თითოეული სიმართლეს ამბობს , თუმცა განსხვავებული აღქმით. ფილმი, ისევე როგორც ზღაპარი, გაუგებრობის შეგრძნებას ტოვებს, რადგან, როგორც ცხოვრებაში ხდება, არანაირი კონკრეტული ერთი ,,ჭეშმარიტება’’ არ მჟღავნდება. რაშომონის ეფექტი გამოყენებულია პაულა ჰოუკინსის ყველაზე რეიტინგულ ნოველაშიც ,, გოგონა მატარებელში’’. ამბავი სამი სხვადასხვა პერსონაჟის ხედვითაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანის ნაამბობი ეჭვგარეშეა, თუმცა ისინი ერთსა და იმავე მოვლენას საკუთარი რეალობის შეგრძნების ჭრილში აღიქვამენ და ქმნიან გაურკვეველ ნაამბობს, რომელშიც სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც სამ განსხვავებულ ვერსიას ერთმანეთს შეადარებენ. რაში მდგომარეობს სუბიექტურობის პრინციპი – აღქმული რეალობა ჩვენ მიერვე შესრულებული ფერწერაა. ჩვენვე ვართ მხატვრებიც, ვაზავებთ ფერებს, ვხაზავთ კონტურებს, განვასხვავებთ სიმეტრიებს და ვაღწევთ მხატვრულ ბალანსს. საწყისი წერტილი არის ჩვენი რეალობა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენსავე ნახატს. როგორც შემოქმედი, ვცვლით, ვამატებთ ან ვაკლებთ დეტალებს, ვამარტივებთ ან პირიქით და ამ რეალობით ვცდილობთ წარმოვადგინოთ შეხედულებები, საგნები ან ინტერესთა სფეროები. გაუთვითცნობიერებული ოსტატობით ყოველ წამს ათასობით ასეთ სურათს ვქმნით და ყოველი მათგანი აბსოლუტურად უნიკალურია. კუროსავას გენიალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ მაყურებელს ჩიხში არ ტოვებს, პირიქით, გვაიძულებს, ვიფიქროთ სიმართლისა და ზნეობის ბუნებაზე. სტილიზაცია, რომელიც ხაზგასმულია დეკორაციისა და მონტაჟის გამოყენებით, ფილმს არა მხოლოდ ინტელექტუალურ გამოწვევად, არამედ ვიზუალურ სიამოვნებადაც აქცევს.
კუროსავას ,,სიზმრები’’- ბავშვური უძლურება, მაცდური სიკვდილი, ომი, მარტივი ცხოვრების მშვენიერება, ატომური იარაღის საშინელება, ხელოვნება – ფილმი 8 დამოუკიდებელი სურათის ერთობლიობაა, რომელთა შთაგონების წყარო აკირა კუროსავას სიზმრები და იაპონური ფოლკლორია. „სიზმრები“ რეჟისორის შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, ტილო, რომელიც მხატვარმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის შექმნა. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნას ის ფაქტი, რომ ფილმში ძალიან ცოტა დიალოგია და პერსონაჟები სათქმელს მარტივად და ლაკონიურად გადმოსცემენ – თითქოს რეჟისორი სიზმრებს სხვებს კი არ უხსნის, არამედ მხოლოდ საკუთარ თავთან განიხილავს. ფილმი შედგება რვა ნოველისგან და თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც სიზმარში იღვიძებს ადამიანის ფარული შიშები, ისე თითოეულ ნოველაშია გამოხატული ადამიანური შიშები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც რეჟისორს აწუხებს და თვლის, რომ არა მხოლოდ მისთვისაა საშიში, არამედ მთელი კაცობრიობისთვისაც. თუმცა ერთი საერთო აქვთ ამ ნოველებს: ყველგან ჩანს ავტორის შიში, არ დავკარგოთ ადამიანებმა სიცოცხლის დაფასების უნარი.
კუროსავა თავისი შემოქმედებით გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ რეალობას და სიმბოლოები, რომლებიც ხშირად დეტალებშია ჩამალული ფართო არეალშიც დავინახოთ. კუროსავა, როგორც უკანასკნელი რომანტიკოსი კინოში გვასწავლის, დავინახოთ სამყარო სხვადასხვა პრიზმებით, სადაც ჭეშმარიტებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი სახე, ხოლო ხელოვნება გაუთავებელი ინტერპრეტაციების წყარო იყოს. რატომაც არა?! შეიძლება, შეიძლება სიმართლე მისტიკაშია.