ერთი შეხედვით ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფილმი – ტრიუფოს “400 დარტყმა” და როსელინის “რომი, ღია ქალაქი” ამაყად გადაზიდავს ტოტალიტარული კინოს იდეებს რეპრესიული რეჟიმის საშინელებებსა და სირთულეების შესახებ. მათი ტრაგიკული სიუჟეტი, ვიზუალური ესთეტიკა, საოცარი პერსონაჟები იმ სისასტიკეს უსვამენ ხაზს, რომელსაც ადამიანი ტოტალიტარული მმართველობის დროს აწყდება.
უფრო მკაფიოდ და მძაფრად რომ გაიაზროს მაყურებელმა თუ რაზეა ფილმი, პირველ რიგში, აუცილებელია იმ ისტორიულ კონტექსტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელშიც ის შეიქმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “რომი, ღია ქალაქში” სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, გერმანიის მიერ ოკუპირებულ რომში, ხოლო “400 დარტყმაში” – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს ორი ფილმი ასოცირდება ტოტალიტარული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრებად.
როსელინი თავის ფილმში შემზარავ რეალობას გვანახებს, ნაცისტურ ოკუპაციას რომ ახლავს თან. ჩაგვრა, წინააღმდეგობა, მოძრაობა, ტირილი, მაქანას გაკიდებული განწირული ქალი, დაპატიმრება, წამება, დაუნდობელი სისასტიკე კარგად ასახავს იმას, თუ რა აქრობს, ახშობს პიროვნულ თავისუფლებას, მორალსა და ადამიანურ ღირსებას. ოთახში გამომწყვდეული სიკვდილმისჯილი სამი კაცი განაჩენის აღსრულებას ელოდება. ყველაზე ახალგაზრდა შიშს შეუპყრია, მოძღვარი კი აწყნარებს, რადგან ეშინია საკუთარ ბედისწერაზე ფიქრი, ხოლო მესამესთვის სიცოცხლის ყველანაირი არსი დაკარგულია. მოძრაობები, დიალოგები ტოტალიტარული სამყაროს მიერ განადგურებული ადამიანის სამ სახეს წარმოგვიდგენს.
ტრიუფო ერთი შეხედვით ომის შემდგომ, მშვიდობიან პარიზს აღწერს, თუმცა სიყვარულის ქალაქშიც ვხვდებით სისასტიკეს: ჩაგვრის დახვეწილი ფორმა, უყურადღებო, გაბრაზებული მშობლები, განადგურებული სასწავლო სისტემა, არასრულწლოვნთა ხისტი, თან არასამართლიანი მართლმსაჯულების ხერხი. ამ ყველაფერს ტრიუფო მკვეთრი ვიზუალის გამოყენებით ხატავს: კლაუსტროფობიური ჩარჩოები, რეპრესიული დაწესებულებები და მთავარი გმირი – 12 წლის ანტუანი, რომელიც განწირული ცდილობს პირობითობის კლანჭებს გაექცეს და თავისუფლებისთვის იბრძოლოს. იბრძოლოს საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც ინდივიდის ჩახშობას ცდილობს. ამბოხება – სკოლის გაცდენა, ქურდობა, გაქცევა – ანტუანის სასოწარკვეთილი მცდელობაა თავი დააღწიოს იმ ძალას, ყველაზე მნიშვნელოვანს რომ ართმევს – საკუთარ თავს.
ორივე ფილმში ვხვდებით ბუნებრივ განათებას, ავთენტურ ლოკაციებს, არაპროფესიონალ მსახიობებს, რომლებიც უფრო ინტიმურ კავშირს ქმნიან პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის. სწორედ ეს რეალისტური ესთეტიკა, რეალიზმისა და ნეორეალიზმის გაერთიანება აძლევს ადამიანს საშუალებას უშუალოდ განიცადოს ტოტალიტარული სამყაროს მჩაგვრელი გარემო. „რომი, ღია ქალაქში“ თავად ღია ქალაქი გვევლინება წინააღმდეგობისა და იმედის სიმბოლოდ ომის ნანგრევების ფონზე, ხოლო ანტუანის მოპარული, შემდეგ კი ცეცხლწაკიდებული ბალზაკის სურათი მისი დამსხვრეული ოცნებებისა და იმ მჩაგვრელი ძალის სიმბოლოა, რომელიც ესე შემზარავად აფერხებს ახალგაზრდა მოსწავლის პიროვნულ განვითარებას.
ტრიუფო და როსელინი ახერხებენ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ფილმში, განსხვავებული სიუჟეტითა თუ განსხვავებული პერსონაჟებით ერთი სასტიკი რეალობა დაგვანახონ, რომელსაც ტოტალიტარული სამყარო ეწოდება და ამ სამყაროს სურვილი, ჩააქროს ადამიანის დაუოკებელი ჟინი, შეიცნოს ჭეშმარიტება, მეორენაირად თავისუფლება რომ ჰქვია.