მონტაჟის ძალა და გრაფიკული ესკიზები შავ-თეთრი ფილმიდან
კინო სულ რაღაც 100 წელიწადზე ცოტათი მეტს ითვლის და უკვე რამდენი გარდატეხა მოხდა კინოს ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კონემატოგრაფიის სამყაროში სწორედ მონტაჟი იყო. ძირითადად, ადამიანი მონტაჟზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებს, ზოგიერთ შემთხვევაში ის შეუმჩნეველიც კია. მონტაჟის უკეთ გააზრების კუთხით კი განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ კალატოზიშვილი “მე – კუბა“.
XX საუკუნის შუა წლებისათვის მონტაჟი წარმოუდგენლად კარგადაა გაკეთებული, თავად ფილმის ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია. კადრები ერთმანეთს ძალიან ბუნებრივად ერწყმის. მონტაჟი იმდენად შეუმჩნეველია ფილმის დაწყებისთანავე, რომ ადამიანი ერთ ეპიზოდს ფაქტობრივად ერთ კადრად აღიქვამს. მაგრამ უკვე დაფიქრებისას ხვდები, რომ ეს არა ერთი კადრი, არამედ ერთი ეპიზოდია, რომელიც სხვადასხვა კადრებისგან შედგება. რეჟისორს ფილმში პასიური მოტაჟი აქვს გამოყენებული.
მიხეილ კალატოზიშვილის “მე – კუბაში“ კარგადაა წარმოჩენილი პასიური მონტაჟის ძალა. ფილმი უდაოდ დინამიკურია, თითოეული კადრი ნამდვილად რომ ხანგრძლივობით გრძელია, მაგრამ ეს მაინც მაყურებლისთვის მოსაბეზრებელი არ ხდება, რადგან ყოველ წამს ფილმში თვალისთვის რაღაც ახალი შემოდის. კი მაგრამ, რამ ჩაანაცვლა მონტაჟის საჭიროება? ჩემი აზრით, პასიური მონტაჟის ასეთი წარმატება კამერის მოქნილი მოძრაობებითა (არასტატიკური კამერით) და ზოგადად გადაღებითაა გამოწვეული. ერთ ცალკე კადრში (რომელშიც მონტაჟი არ გამოიყენება) იგრძნობა დინამიურობა, მრავალფეროვნება, მაყურებელი ვერ მოიწყენს, რადგან კამერა სხვადასხვა რაკურსით აღბეჭდავს ერთ კადრში სხვადასხვა სიტუაციას. ვფიქრობ, სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ ფილმში აღარ იყო აქტიური მონტაჟის აუცილებლობა. ასეთი გადაღების გამო თვალი ტყუვდება და არადამონტაჟებული კადრები დამონტაჟებული ჰგონია, რომელიც, სინამდვილეში, ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
განსაკუთრებით თვალსაჩინოდ მონტაჟი პირველ ორ ეპიზოდს შორის იგრძნობა, რადგან კადრები ერთი გარემოდან მეორე – სრულიად რადიკალური გარემოთი იცვლება. ვფიქრობ, ამის მიზეზი როგორც ოსტატური გადაღება, აგრეთვე თემატიკაა. მაგალითად, მეორე ეპიზოდი მთლიანად ერთ გარემოებაში ხდება და ხალხიც სწორედ ერთი და იმავე რაღაცით არის დაკავებული (გართობითა და დასვენებით) და ეპიზოდში საერთო განწყობა იგრძნობა. ერთ კადრს მეორე მოსდევს, რომელშიც შეიძლება სხვა ხალხი, მაგრამ იგივე სიტუაციაა აღბეჭდილი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კადრების ეფექტურობის გამო, ყურებისას საერთოდ არ იგრძნობა ფერის ნაკლებობა. რეჟისორს რაკურსები ისე აქვს შერჩეული, რომ თითოეული მომენტის აღქმა ცალ-ცალკე ფოტოსურათად ხდება შესაძლებელი. თითქოს, შავ-თეთრ კადრებში ფერი ძალიან, ძალიან კარგად იგრძნობა…
მაგრამ გარდა მონტაჟისა “მე-კუბა“ სხვა მრავალი თვალსაზრსითაცაა განსახილველი. თავად სათაურიდანვე ჩანს, რომ ფილმი კუბის რევოლუციაზეა, რომელიც 1953-59 წლებში მიმდინარეობდა. ამდენწლიანი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად, 6 იანვარს ფიდელ კასტრო დედაქალაქში ტრიუმფით შევიდა. საბოლოოდ, კუბის რევოლუცია რევოლუციონერების გამარჯვებით დასრულდა. მიხეილ კალატოზიშვილს თავის ფილმში სწორედ ეს მოვლენა აქვს აღწერილი და მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორი რევოლუციის მომხრეა, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს, რომ რევოლუციის შედეგი შვილმოკლული მამაა…
ფილმში ოთხი სხვადასხვა ისტორიაა მოთხრობილი. თითოეული ამბავი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო გმირი ჰყავს – ეს კუბის რევოლუციაა. ამბები რევოლუციის გარშემო ტრიალებს და გვაჩვენებს, რამ გამოიწვია აჯანყების აუცილებლობა და როგორ ემზადება ხალხი ხელისუფლების დასამხობად. ალბათ, ფილმის გმირები განსხვავებულებიც იქნებოდნენ, რომ არა რევოლუცია…
ფილმის პირველი ნაწილი იწყება გოგონას, სახელად მარიას, ისტორიით. მარია ჰავანაში, ღარიბ დასახლებაში ცხოვრობს. იმ დროს ღარიბი ხალხი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და ამიტომ მარიაც იძულებული გახდა ორმხრივი ცხოვრება აერჩია; მაგრამ ამას მთლად მისი არჩევანი არ უნდა დავარქვათ. ღამ-ღამობით ის ბეტი ხდებოდა, რომელიც ბარში ამერიკელებს ართობდა და მეძავეობაში ფულსაც იღებდა. ეს მარიასთვის ტანჯვა იყო, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეეძლო თავის გატანა, საკუთარ ღირსებებზე, ფასეულობებზე უარის თქმით. კუბის რევოლუციაც სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული… ერთ ღამეს ერთი ამერიკელი ეკითხება მარიას, სად ცხოვრობს და ისინიც ჰავანას ღარიბ დასახლებაში მიდიან. ღამეს ერთად ატარებენ. დილით კი პატარა სახლში შემოდის მარიას შეყვარებული – რენე, რომელიც ძალიან იმედგაცრუებული სჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პირველი ნაწილი მარიაზეა აგებული, მე მთავარ პერსონაჟად რენე აღვიქვი. რენე ღარიბი კუბელია, რომელიც ხედავს, რა მოაქვს ამ დროს. მაგრამ ის არც რევოლუციის მომხრე ჩანს. მარიას სახლში ამერიკელის დანახვისას ის იმედგაცრუებული და გულგატეხილია, მაგრამ არაფერს ამბობს და არც არაფერს მოიმოქმედებს. რენე კარგად ხვდება, რომ ეს ხელისუფლება დასამხობია, მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ რევოლუცია კარგ შედეგს არ გამოიღებს. რევოლუცია იარაღს გულისხმობს და ძალადობით კი არაფერი მიიღწევა. მაგრამ რენესნაირ ადამიანებს ხალხი არ უსმენს და ამიტომ გაღიზიანებულ მოსახლეობას გამოსავლად მაინც რევოლუცია მიაჩნია.
ამერიკელი სახლიდან გამოდის და ამ დროს მის ირგვლივ იკრიბებიან ბავშვები, რომლებიც მას ფულს სთხოვენ. საკმაოდ საინტერესოა ბავშვების როლიც ფილმის პირველ ნაწილში, ისინი კუბის რევოლუციის სიმბოლოები არიან. რევოლუციისა, რომელიც თავის შედეგს გამოიღებს, მაგრამ, საბოლოოდ, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც სასურველი იყო… მეტაფორულად, ბავშვები ფულს მიიღებენ, მაგრამ ეს ფული არასწორ მიზანს მოხმარდება.
ფილმის მეორე ისტორია ფერმერ პედროზე მოგვითხრობს, რომელსაც დიდი გასაჭირი დაატყდება თავს. პედრომ ახლახან მოიყვანა შაქრის ყველაზე დიდი მოსავალი. სწორედ ამ დროს მოდის მიწის პატრონი და ეუბნება, რომ ეს მიწა, რომელზეც პედრომ მოსავალი მოიყვანა, გაყიდულია. პედრომ ამდენი იშრომა და მას კი ამ ყველაფერს ართმევენ. მიწის მესაკუთრე ეუბნება: “შენ ისინი ჩემს მიწაზე გაზარდე. მე მოგცემ უფლებას შეინახო ის ოფლი, რომელიც შენ ღვარე მათი ზრდისთვის, მაგრამ ეს ყველაფერია”, და ის გადის. პედრო შვილებს ატყუებს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა. ის აძლევს მათ მთელ ფულს, რომ ქალაქში მხიარული დღე გაატარონ. შვილების წასვლის შემდეგ იგი იმედგაცრუებულია, ის მთელ თავის მოსავალს და სახლს ცეცხლს უკიდებს. შემდეგ კი კვდება… პედრო ამ ისტორიის მთავარი გმირი და სიმბოლოა, რომელიც რეჟიმმა იმსხვერპლა. რეჟიმმა, რომელიც ჩვეულებრივ ხალხზე საერთოდ არ ზრუნავს და მხოლოდ და მხოლოდ მათ გამოყენებას ცდილობს. ზოგადად, სასოწარკვეთილი ადამიანი გამოსავალს ეძებს, ცდილობს, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა. პედრო რევოლუციას არ ელოდება, რადგან ის ხვდება, რომ რევოლუციაც დიდად არაფერს მოიტანს, ამიტომ ის, ფაქტობრივად, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს…
მესამე ნაწილი უშუალოდ კუბის რევოლუციის მონაწილეებზე მოგვითხრობს. ძირითადად, ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც რევოლუციის გზით შეწინააღმდეგებას გადაწყვეტენ. ამბის მთავარი გმირი ენრიკეა, რომელიც ჰავანას უნივერსიტეტში სწავლობს. ენრიკე ძალიან მიზანმიმართულია. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა… როდესაც ენრიკე ჩასაფრებულია და ემზადება, ესროლოს პოლიციის უფროსს, ის ორჭოფობას იწყებს, რადგან ხედავს, რომ იქ ბავშვებიც არიან. რევოლუცია დაუნდობელი, ყველაფერზე წამსვლელია, ის არც დიდს, არც უმცროსს არ ინდობს, რათა, საბოლოოდ, მიზანს მიაღწიოს. ენრიკე სწორედ ამ რევოლუციის მონაწილეა, მაგრამ ის მამას ბავშვებს თვალწინ ვერ მოკლავს, ეს მისთვის მეტისმეტია. საბოლოოდ, ენრიკე დახვრიტეს მას შემდეგ, რაც დემონსტრაცია ბუნტად გადაიქცა. მის ცხედარს ქუჩაში ჩამოატარებენ მსხვერპლის პატივსაცემად. ენრიკე გახდა მოწამე თავისი საქმისთვის. ის თავდადების სიმბოლოა. მისი სიკვდილისთვის კი ორივე მხარეა პასუხისმგებელი: როგორც ხელისუფლება, ისე რევოლუცია…
ბოლო ისტორია ჩვეულებრივ ფერმერზე – მარიანოზე მოგვითხრობს, რომელიც მშვიდობას ემხრობა. ის განცალკევებით ცხოვრობს თავის ოჯახთან – ცოლთან და შვილებთან ერთად. მარიანოსთან რევოლუციონერი ჯარისკაცი მიდის და სთხოვს, ომს შეუერთდეს. მარიანო ამ თხოვნას უარყოფს, რადგან მას სურს, რომ თავის ოჯახთან ერთად მშვიდობაში იცხოვროს. მოულოდნელად, ხელისუფლების თვითმფრინავები ტერიტორიის დაბობვას იწყებენ, რის შედეგადაც მარიანოს შვილი ეღუპება. ეს ფერმერისთვის უკანასკნელი დარტყმა იყო და ამიტომაც ემოციებს აჰყვება და გადაწყვეტს, აჯანყებულებს შეუერთდეს. ვფიქრობ, მარიანო ხვდება, რომ ამ გზით ის მშვიდობიანად ვერ მიაღწევს მიზანს, მაგრამ სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს… ამ ნაწილის მთავარი გმირი გარდაცვლილი ბავშვია, რომელიც გაფრთხილებაა, არა – ამ რეჟიმს და არა – რევოლუციასაც… საბოლოოდ, შვილმოკლული მამა მიიყვანს ტრიუმფალურ მსვლელობას ჰავანაში რევოლუციის გამოსაცხადებლად…
“მე – კუბა“ ოთხ ისტორიას მოგვითხრობს, თითოეულს თავისი გმირები ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ნაწილი რიგითი მოქალაქეების კუთხით დაგვანახებს რევოლუციის აუცილებლობას, მაგრამ სწორედ მათ ისტორიებში წინასწარ ჩანს, რომ რევოლუცია კარგს არაფერს მოიტანს. ვფიქრობ, სწორედ ამის მიღწევა უნდოდა მიხეილ კალატოზიშვილსაც ფილმით, რომელიც, ერთი შეხედვით, რევოლუციის მომხრეა, მაგრამ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ეს ასე არ არის…
,,მე – კუბას“ ყურებას რომ იწყებ, მონტაჟზე საერთოდ არ ფიქრობ, რადგან ის საერთოდ არ იგრძნობა. ეს სწორედ რომ პასიური მონტაჟის დამსახურებაა. და ამ ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი ნამდვილად უკეთ იაზრებს, რომ პასიური მონტაჟი არანაკლებ ოსტატობას მოითხოვს. თავად მსახიობების ბუნებრივმა თამაშმაც დიდი წვლილი შეიტანა ფილმის წარმატებაში.
საბოლოოდ, იმ დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი “მე – კუბა“ მოწყენის საშუალებას არ იძლევა, რადგან თითოეული კადრი კინოს მთავარ არსს – მოძრავ სურათებს ეფუძნება. გარდა ამისა, ფილმი კინოს ნამდვილ ძალას დაგვანახებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია კინოს და თუ როგორაა შესაძლებელი, რომ მან ადამიანის ცნობიერებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს… სწორედ ამ მიზეზის გამო გაჭირდა ფილმის “მე – კუბა“ ჩვენამდე მოღწევა.