,,ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
(ოთარ ჭილაძე
და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.”
ანდრეი ტარკოვსკის ექსპერიმენტული ფილმი “სარკე” მჭირდოდ უკავშირდება პოეზიას. მეტიც, რთულია განასხვავო – სად მთავრდება სტროფი და სად ჩნდება რეალობასთან კავშირი. ქაოტური გარემო მოდუნების საშუალებას მთლიანად გართმევს და გაიძულებს იპოვო მეტაფორა იქ, სადაც (სხვა შემთხვევაში) არც მოძებნიდი.
ფილმი ფაზლია, რომელიც მთლიანობაში წრეს კრავს და მკაფიოდ გადმოსცემს ჟამთასვლის უსუსურებას სამყაროს ორგემაგეობასთან მიმართებაში. ამავე მიზეზს მიეწერება დროის სწორხაზოვნების დარღვევაც. კონოს “სუპერ ძალის” ამგვარი მანიპულაციაც ერთგვარი მეტაფორაა, თავისებური ბალანსი სარკის იმიერ და ამიერ სამყაროებს შორის. ჯერ ბავშვობა, შემდეგ კი შენნაირი ბავშვის მშობლობა. ფილმის სვლა მეტად და მეტად გვარწმუნებს, რომ სიუჟეტი განვითარების ნაცვლად სპირალურად ბრუნავს. ბრუნდება ემოციები, ტრავმები და პრობლემები. პროტაგონისტი, ვინაიდან იგი თავად გახლავთ სარკე, ცხოვრების ახალ ეტაპზეც თითქმის სრული სიზუსტით ირეკლავს წარსულს და მიიმსგავსებს ერთი შეხედვით ასეთ განსხვავებულ შვილს, რომელსაც მასსავთ უტყდება ხიდი დედასთან.
“როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.”
ფილმში უამრავი დამთხვევა და ანალოგიაა. საინტერესო პასაჟს ქმნის დედისა და მეუღლის პერსონაჟებიც. სარკე თავად მთავარი გმირია, რომლის ცხალ მხარესაც მშობლის აჩრდილი დგას, მის ანარეკლში კი – ცოლი. პერსონაჟების იდენტურობით ნათლად იკვეთება ის მთავარი ჯაჭვი, რომელიც (დიდწილად) განაგებს ადამიანების მთელ ცხოვრებას. განაგებს იმდენად, რამდენადაც ღრმად ილექება ქვეცნობიერში და მჭიდროდ ეკვრის პიროვნების ბედს. გაუცხოვებული დედა – გაუცხოვებული ცოლი. ვერ შემდგარი (“სიმწრით საყვარელი”) სახლი და უცოლშვილოდ დარჩენილი ოჯახი.
“ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,
თავისით გაქრა ბევრი სურვილი,
ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,
უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.”
ფილმის პოეტური გადახვევები კი მოვლენებს შორის უმთავრესი მაკავშირებელი ხაზია, როგორც ერთარერთი გამოხატულება – ავტორის ემოციებისა. ასე ვხედავთ იმას, რაც რეალურად განასხვავებს პროტაგონისტს იმ გარემოცვისგან, სადაც ყველა ინდიფერენტული ან თავისებურად უცნაურია და ნავსაყუდლად იქცევა შავთეთრ, უცნაურად საზარელ ქაოსში.
პოეზია ის სუფთა ჰაერია, რომელიც ავტორზე არანაკლებ საჭიროა მაყურებლისთვისაც, რადგან უსიტყვო კადრები მძიმე და ნოსტალგიურ ემოციად ილექება გონებაში და პოეტური გადახვევა ხდება ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რაც განთავისუფლებს, შვებას გგვრის და დამძიმებულ სუნთქვას გიმსუბუქებს. ის ერთგვარი საბუთიცაა იმისა, რომ ვეტერანი ჯარისკაცის რეალური სული სულაც არ გახლავთ ემოციებისგან დაცლილი მონსტრი და მასში კვლავ შემორჩა ველურ ბუნებაში გაზრდილი ბიჭის სისპეტაკე. მერე რა, თუ მისთვის ახლა ირონიულობანარევი ინდიფერენტულობა გამხდარა თავშესაფარი…
“სამაგიეროდ, მეც განმიცდია,
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,
როცა შემოდის სულში მინდია –
ყველაფრის მცოდნე და საცოდავი.”
მეტაფორულია თავად სახელიც, რადგან ტარკოვსკის “სარკე” დაუფარავად გვიჩვენებს იმ რეალობას, რომელსაც ვერ გაექცევი. მასში ვერ დაინახავ ოცნებებს ან წარმოსახვებს, მოლოდინებსა და სურვილებს. ვერც თავსმოხვეულ, დასწავლილ და დაზეპირებულ “ღირებულებებს”. მხოლოდ რეალური ხასიათი, რომელიც წლების წინ, მიყრუებული სოფლის მწვანე ჭალებში ყალიბებოდა და ქმნიდა ბიჭს, რომლის გრძნობის დიაპაზონიც ვერ ემთხვევა ჩაკეტილი სამყაროს აღქმის უნარს და უხეშად ასწავლის შეკვეცოს ფრთები, რადგან დანარჩენებს იგი კუზი ჰგონიათ.
“მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი –
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა – წუთისოფლის სტუმარი.”