ოთარ იოსელიანის შემოქმედებას თუ გადავხედავთ ნათლად დავინახავთ მსგავსებებს პროტაგონისტებსა და თავად რეჟისორის ხასიათის თავისებურებებს შორის, მისი პერსონაჟები საოცრად არაიდეალურები და ადამიანურები არიან. ზოგჯერ იმდენად, რეალისტურია მისი ქართული პერიოდის ფილმები, რომ თითქოს ეს გმირები კონკრეტულ სივრცესა და განზომილებაში დამოუკიდებლად არსებობენ კიდეც, მათი არსებობის აზრი კი ნამდვილად არ ექვემდებარება მაყურებლის მოლოდინებს და ისინი იმდენად დამოუკიდებლები არიან, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
ძირითადად იოსელიანის შემოქმედება ყოველთვის გვიტოვებს სივრცეს სადაც მაყურებელს ინტერპრეტირების საშუალება ეძლევა, სწორედ ამიტომ ვხვდებით საზოგადოებაში ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას მისი ნამუშევრების შესახებ.
იოსელიანის ყოველი შემდგომი ქართული პერიოდის ფილმი უფრო მეტი ანტისაბჭოთა მოტივის შემცველია, ვიდრე წინა. ასე ცდილობდა საკუთარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას.
პიროვნების ცხოვრება დედამიწაზე, ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობების ხელოვნება, ეს დეტალებზე ორიენტირებული რეჟისორის ძირითადი დაკვირვების ინტერესს წარმოადგენდა.
ადამიანებს არა კოლექტიურად და ჯოგური პრინციპით მოაზროვნე, არამედ მკვეთრი და გამოხატული ინდივიდუალიზმის მქონე პიროვნებებად წარმოგვიდგენდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთარ იოსელიანი თითოეულ სცენას გადაღებამდე დეტალურად ხატავდა და იაზრებდა, რადგან თვლიდა, რომ გადასაღებ მოედანზე რეჟისორს ფიქრის საშუალება არ ჰქონდა და ყველაფერი წინასწარ, კარგად დაგეგმილი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მათემატიკური სიზუსტით ჰქონდა გათვლილი თითოეული დეტალი. მსახიობების გადაადგილებიდან დაწყებული, ინტერიერის ჩარჩოთი დამთავრებული. კამერის დეტალური მოძრაობა და კუთხე გრადუსებში იყო განსაზღვრული. გადაღებებამდე ის სახატავი ფანქრით დახატული სურათებისგან კინოკადრებს ქმნიდა. ერთი და იგივე ნივთებს სხვადასხვა განათებით შინაარსს უცვლიდა, თამაშობდა შუქ-ჩრდილით და პირველივე ფილმიდან მოყოლებული ერთნაირი პრინციპით აგებდა კომპოზიციას. ეს გრაფიკული მხარე მიუხედავად იმისა, რომ შეუმჩნეველია და ძალიან დაკვირვებული თვალისთვისაც კი რთულად აღსაქმელი, ყველაზე კარგად მის შავ-თეთრ ნამუშევრებში ჩნდება, ერთგვარი კონტრასტი, რომელიც განათებითაა განპირობებული მის ადრეულ ფილმებში ყველაზე კარგად იკვეთება, გარდა დრამატურგიული თვალსაზრისით მრავალფეროვნებისა, ეს ნამუშევრები გრაფიკული კუთხითაც გამორჩეულია
იყო შაშვი მგალობელი
მთავარი გმირი ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი გია აგლაძეა, მრავალფეროვანი და საინტერესო ინდივიდი, რომლის ისტორიასაც მივადევნებთ თვალს. გია, როგორც იოსელიანმა წარმოგვიდგინა, ექსტრავერტი, უზარმაზარი სანაცნობო წრის მქონე გია, როგორც იოსელიანმა წარმოგვიდგინა, ექსტრავერტი, უზარმაზარი სანაცნობო წრის მქონე პერსონაჟია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ადამიანური სისუსტეები გააჩნია ის არც ერთ მეგობარს თუ კარგ ნაცნობს, უარს თხოვნაზე არასდროს არ ეუბნება და საბოლოო ჯამში მაყურებელში სიმპათიას იწვევს. მის გარშემო ადამიანები კი მუდმივად უმადურნი არიან და მეტს მოითხოვენ მისგან.
ბიბლიაში წერია-„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“, იოსელიანი ამ პრინციპით ამოქმედებს საკუთარ პერსონაჟს, მას უყვარს მეგობრებისთვის წიგნების და სხვა მისთვის ძვირფასი ნივთები ჩუქება, მათ უანგაროდ დაჰყვება ექიმებთან, ეხმარება და მეტიც ის მათ ყველაფერ მატერიალურზე უფრო მნიშვნელოვანს, საკუთარ დროს უთმობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი მისთვის ერთგვარ რუტინადაც კი იქცევა, რაც მიზეზი ხდება იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი საკუთარ სურვილებზე ვერასდროს ვერ კონცენტრირდება
მიუხედავად არაჩვეულებრივი უნარისა ემსახუროს გარშემომყოფებს და იყოს ყოველთვის მათ სამსახურში, ანუ თანამედროვე სამყაროში რასაც ვუწოდებთ people pleaser-ობას, იოსელიანის ეს პერსონაჟი არაა თვითრეალიზებული, ამის უპირველესი მიზეზია ქაოსური ცხოვრების ტემპი, რომელიც კონკრეტული მიზნისკენ არასდროსაა მიმართული.
რეჟისორი გვაჩვენებს, თუ როგორ ხდება ფიქრისათვის დროის გამონახვის დეფიციტი, მიზეზი იმისა, რომ პერსონაჟის ცხოვრებაში პაუზის აღების და ყველაფრის გადაფასების ეტაპი არასდროს არ დგება. ამას ემატება პროკრასტინაცია, ანუ დავალებებისა და საქმეების გადადების ფენომენი, როცა გააზრებულად ხდება ეს და ფილმის ბოლომდე მოცემულობა უცვლელია, სწორედ ამ მიზეზების გამო, მელოდია, რომელიც პერიოდულად ჩნდება გიას გონებაში ფურცლებზე გადატანილ კომპოზიციად ვერასდროს ვერ იქცევა.
ტრაგიკომიკური სცენარი, რომელიც რეჟისორმა შემოგვთავაზა, პირველ რიგში, თავისთავად გვაფიქრებს მარადიულობის ფენომენზე, ასევე ფილმში გამოკვეთილია კონფლიქტი თვითრეალიზაციასა და ალტრუიზმს შორის, სადაც მკაფიოდ გათვალისწინებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, დრო, რომელიც ადამიანს თავისთავად ზღუდავს, მაგრამ ამავდროულად საშუალებას აძლევს შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზაციისა და რაიმე ღირებულის შექმნისკენ.
ბოლო სცენა საათის მექანიზმის ერთი დეტალის გადატრიალებით და მისი ამუშავებით მთავრდება.
სწორედ ეს გადატრიალება გვაჩვენებს თუ რა მარტივად შეიძლებოდა გიასნაირი დემოტივირებული ინდივიდის კონკრეტული მიზნისკენ მომართვა.
ავარიასთან დაკავშირებით, კი შეიძლება ითქვას, რომ თუ ფსიქოლოგიური კუთხით განვიხილავთ, სწორედ ასეთი ტრაგიკული და მძიმე მოვლენა უბიძგებს ხალხს ცხოვრების სტილის შეცვლისკენ. რაღაც გარდამტეხი თუ არ ხდება, არსებობა უაზროდ, ფუჭად გადის, ალბათ ამის თქმა უნდოდა იოსელიანსაც.
ან იქნებ დავუშვათ, რომ ყველა ის შემთხვევითობა, რომელმაც ლამის იმსხვერპლა პერსონაჟის სიცოცხლე თავისთავად უნდა ყოფილიყო გარდამტეხი მომენტი. ფილმში ბევრი ქვეტექსტის წაკითხვა შეგვიძლია, მაგრამ ერთი რამ ზუსტია, გიას პერსონაჟი მაყურებელში ბევრ ამბივალენტურ გრძნობას ბადებს.
ჩემი აზრით მსგავსი ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს იოსელიანი ნაწილობრივ ეთაყვანება კიდეც, ესაა ფილმი იმ ინდივიდის შესახებ, რომლის სახელს ისტორია მის დაფაზე ოქროს ასოებით არ აღბეჭდავს, რომლის ცხოვრება პირად ბედნიერებას არ მისდევდა და ობიექტური შინაარსის შემოქმედებას ემსახურებოდა.
ჩვენ სულელებად და გიჟებად მიგვაჩნია ხალხი, რომელთაც თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის გატარება რაღაც გეგმების დასახვასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ცხოვრების დაგეგმვაში არ სურთ, თუმცა გვიან ვიაზრებთ, რომ სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ფინიშის ხაზთან ყველაზე ბედნიერები. მათ ხომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ზუსტად ისე, როგორც გია აგლაძეს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის სცენა ერთი დიდი ირონიაა, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, მან ნამდვილად შეიგრძნო ცხოვრება და იყო ბედნიერი, ის ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც გიამ მისი ხანმოკლე ცხოვრების შედეგად შეიძინა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვან ფასეულობად ჩათვალოს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სარგებელი, რომელსაც წარმატებული მუსიკალური კარიერით მიიღებდა.
გიას ცხოვრების დინამიკა, კლასიკური გაგებით, დაახლოებით დიმიტრი უზნაძის-„ცხოვრების აზრში“ მოცემულ სურათს მაგონებს, რომელშიც შემდეგი შინაარსის სიტუაციაა აღწერილი. წარმოვიდგინოთ, უდიდესი ბალავარი, რომელზეც დიდი ნაგებობა უნდა აიგოს და ამ ბალავრის გარშემო უამრავი ხალხი, რომლებიც მასზე ლოდებს ეზიდებიან, ზოგიერთი ლოდი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი უფრო მძიმე, ნიჩბებით და ჩაქუჩებით, დიდები და პატარები მოძრაობის კორიანტელს აყენებენ გარშემო. ცოტა მოშორებით, იქვე გაშენებულ ბაღში კი მრავალი ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი და კაცი მხიარულების ჟრიამულებით, ცეკვით და სიმღერით განცხრომას მისცემიან. მათ სახეზე მხოლოდ სიამოვნება ატყვიათ და განცვიფრებით, დაცინვით მისჩერებიან იმ ადამიანებს თავიანთ სიცოცხლეს რომ რაღაც შენობის აშენებას სწირავენ.
ჩვენი ისტორიული წარსულიც სწორედ ასეთი მექანიზმია. რომ წარმოვიდგინოთ, გვაქვს ასაგები რაღაც დიდი შენობა, რომელიც ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ალბათ ყველა დროში საზოგადოებისგან, ინსტინქტურად, მხოლოდ ისეთი პიროვნებები იმსახურებენ ყურადღებასა და თაყვანისცემას, რომლებიც მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ასეთი შენობის აგებას ახმარენ, ხოლო ისეთები, რომელთაც ამგვარი შენება სისულელედ და სიგიჟედ მიუჩნევიათ, ჩვენი მეხსიერებიდან უგზო-უკვლოდ ქრებიან. ერთადერთი რაც „იყო შაშვი მგალობელის“ პერსონაჟის, გია აგლაძის დედამიწაზე ცხოვრების სიმბოლოდ დაგვიტოვა იოსელიანმა, კედელზე მიმაგრებული ლურსმანია. ამ სცენით რეჟისორს სურს, გვანიშნოს, წამით ცხოვრების საფრთხის შესახებ, ეს შეგრძნება არაჩვეულებრივია, მხოლოდ მანამ, სანამ მთელი ეს ქაოსი უეცრად სტატიკაში არ მოვა.
მეორე მხრივ, იოსელიანი გვაჩვენებს, რომ, თუ განვიხილავთ მგავსი ტიპის ადამიანის არსებობას, როგორც საჭიროებას, დავინახავთ, რომ გიას პერსონაჟს ბევრი სიკეთე მოაქვს გარშემომყოფებისთვის და იგი ამ „პატარა სიხარულებით“ არამხოლოდ მათ აბედნიერებს, არამედ თავადაც იღებს ე.წ. ვალიდაციას, მაგრამ ეს არაა პატივმოყვარეობით შთაგონებული,
არამედ უანგარო სიკეთით და სიყვარულით. მისი არსებობის აზრი ხომ ამ ლოგიკით სხვების გაბედნიერებაა და რატომ შეიძლება ეს მაინცდამაინც უარყოფით კონტექსტში იყოს განხილული?
ამის კონტრარგუმენტი ალბათ ისაა, რომ გიას ალტრუისტულ ქმედებებს მანამდე არ აქვთ აზრი, სანამ ის საკუთარ თავს არ შეიცნობს, აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ქმედებები, პირდაპირ უშლიან ხელს ცვლილებებს მასში, ამასთან დაკავშირებით თითქოს თავად იოსელიანსაც ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები გააჩნია.
აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ნიცშემ დაახლოებით ასეთი რამ გვითხრა- ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აირჩიოს, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი, მიუხედავად იმისა, რომ ამის საპირისპიროა იოსელიანის გმირის, ცხოვრებისეული პრინციპი რომელიც საკუთარ თავს უკანასკნელ პრიორიტეტად აყენებს და ამით საკუთარი ნიჭი უკანა პლანზე გადააქვს, მგონია, რომ რეჟისორსაც სურდა ამ მესიჯის მოწოდება მაყურებლებისთვის. მას უნდა, დაგვანახოს, რომ გიას ცხოვრება ნაწილობრივ სწორედ იმიტომ ვერ შედგა, რომ არასწორი პრიორიტეტები ჰქონდა არჩეული, არ აფასებდა საკუთარ თავს საკმარისად და უპირველეს ყოვლისა არ უფრთხილდებოდა დროს, რომელიც აღმოჩნდა რომ იმაზე ბევრად ცოტა ჰქონდა ვიდრე თავად წარმოედგინა.
გიორგობისთვე
ამ ფილმში ძირითადი თემატიკა უფრო მარტივი და კონკრეტულია, წინასთან შედარებით, ეს ალბათ იმისთვის, რომ რეჟისორს სათქმელი ყველა ადამიანამდე, ვისაც საკუთარი თავი უნდა ამოეცნო შეძლებისდაგვარად მარტივად მიეტანა, ამან მომაგონა ილიასეული ჩანაფიქრი, რაც “კაცია ადამიანში” აღწერა და იმ პერიოდის ქართველ თავად-აზნაურებს უთხრა სარკეში უნდა ჩაგახედოთ საკუთარი მანკიერებები რომ კარგად დაინახოთო. იოსელიანის იარაღიც ხომ მისეული ირონია უნდა ყოფილიყო. „გიორგობისთვე“ აღმოჩნდა ფილმი, რომელიც ქართველებმა შეცდომით ანტიქართულად შერაცხეს, თუმცა რა თქმა უნდა თავდაპირველი ანტი პიარკამპანია, კრემლიდან იყო ნაკარნახევი. შესაბამისად ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საბჭოთა ნამუშევარი აღმოჩნდა, რომლის ჩვენებაც წლების განმავლობაში იყო აკრძალული.
რეჟისორმა ფილმში წინ წამოწია მორჩილების ფენომენი თავისუფალი აზრის საპირისპიროდ, ორი მეგობრის ისტორიის მაგალითზე გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება “მონობის” და მორჩილების ფენომენს საღი და თავისუფალი აზრი დაუპირისპირდეს.
ფილმი, ახალგაზრდა, იდეალისტ ღვინის ქარხნის თანამშრომელზეა. ჩვენ მის ქმედებებს თვალს მივადევნებთ სამსახურში აყვანის დღიდან იმ მომენტამდე, როცა პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოებას მის გარშემო.
ნიკო და ოთარი მეგობრები არიან. ნიკო მშვიდ, წყნარ, თავისუფალ გარემოში ცხოვრობს და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდაა, რომელიც უსამართლობას ვერ ეგუება. ოთარი მისი ანტიპოდია.
მოსავლის აღების აღწერის შემდგომ ეპიზოდში პირველ სცენაში მკაცრ მამას და დედას ვეცნობით, ოთარის მშობლებს, რომელთა ბრძანებას მათი შვილი უპირობოდ უნდა მიჰყვეს. იოსელიანი, ყველა სხვა პროფესიასთან ერთად ფსიქოლოგიის უბადლო მცოდნე, ამ სცენით გვეუბნება, რომ ის სიმკაცრე რაც მშობლებს ოთარის მიმართ გააჩნიათ, თავს იჩენს მის მიერ სისტემის მიმართ მორჩილებაშიც. ეს პირდაპირი კავშირშია პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესსა და გარემოს შორის, სადაც ის იზრდება. არა მორიდება ან პატივისცემა, არამედ შიში, ხდება მიზეზი რომლის გამოც იგი მშობელთან დაპირისპირებას მუდმივად თავს არიდებს, ეს ყველაფერი მას საბოლოოდ კონფორმისტად აყალიბებს. სიმკაცრე და აგრესია, რომელიც საკუთარ მამას მის მიმართ უჩნდება დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შვილს სამსახურში, თანამშრომლებზე გადააქვს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ოთარისთვის პრიორიტეტი არა პატიოსნება და საკუთარი საქმის სწორად კეთება, არამედ დაწინაურებისკენ სწრაფვაა. ბუნებით პატივმოყვარეა, ანგარებით და ეგოიზმით დაბრმავებული. იმდენად ამპარტავნული და ამორალურია მისი ქმედებები, რომ ერთ-ერთ სცენაში საკუთარ მეგობარსაც კი ჰკრავს ხელს, მას შემდეგ რაც დაწინაურების პერსპექტივას დაინახავს. მშობლისგან მუდმივ კონტროლში მყოფი ბიჭი ნიკოსაც მიუთითებს დასვრილ შარვალზე, ფეხსაცმელებზე, საყელოზე, მაგრამ მთავარ გმირს ეს არ აინტერესებს, რადგან ნიკოსთვის მეორეხარისხოვანია საყელოს და ფეხსაცმლის მდგომარეობა, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები და ღირებულებები არსებობს, მაგალითად ისინი, რომლებიც აღზრდის დროს ჩაუნერგეს და რომელთა წყალობითაც არ შეუძლია არაპროფესიონალიზმის გამოჩენა და მომხმარებლის მოტყუება. ამ მიზეზით აღმოჩნდება ნიკო ის ერთადერთი თანამშრომელი მთელ ქარხანაში, ვისაც პროტესტი გაუჩნდება დაუმზადებელი ღვინის ჩამოსხმასთან დაკავშირებით.
ის მოცემულობა, რაც ნიკოს გარშემო არსებულ პერსონაჟებში შეინიშნება მისი ზნეობრივი პრინციპების მქონე ადამიანში ცვლილების მოხდენის სურვილს აღძრავს, გულხელდაკრეფილი ჯდომას კოლექტივში უარყოფითი გმირის სახელს ამჯობინებს, ღვინოში ჟელატინის ჩასხმით ჩაშლის „შესასრულებელ გეგმას“ და ასე გაარღვევს უკვე არსებულ მანკიერ წრეს.
რატომ მაინცდამაინც ღვინო?
ალბათ ეს გადაწყვეტა იოსელიანის მხრიდან სიმბოლურია, რადგან ყველაზე საკრალური და წმინდა ქართველი ადამიანისთვის ღვინის კულტურა, მისი დაყენების რიტუალი და ისტორიაა.
რაც შეეხება ბოლო სცენას სადაც ფიროსმანის ნახატია ნაჩვენები, ეს რა თქმა უნდა იმ აბსურდის დრამატურგიულ მეტაფორას წარმოადგენს, რაც იმ პერიოდში არსებულ მწვავე რეალობას როგორც სიყალბეს და ხელოვნურობასაც მკაფიოდ ასახავს.
საბოლოოდ იოსელიანი გვაფიქრებს ვიქნებოდით თუ არა ამ სისტემის ნაწილები თუ ჩვენც ნიკოს მსგავსად გმირული სულისკვეთებით შევეწინააღმდეგებოდით და თავგანწირვის არ შეგვეშინდებოდა. ალბათ ამ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა თავისუფალ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი იტყვის რომ იქნებოდა ნიკო, თუმცა ცალსახად რამის თქმა რთულია. იოსელიანი მაინც ჩვენ გვიტოვებს გადამწყვეტ სიტყვას და გვაძლევს საშუალებას დეტალებზე ვორიენტირდეთ, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, სწორად შევაფასოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ.