რეჟისორთა დიდი ნაწილი ხშირად საკუთარი თავდაპირველი ფილმების ოპერატორები არიან. კინოს ბუნების სინთეზურობიდან გამომდინარე, კინოში ოპერატურას და მონტაჟის სტილს სცენარის დარი მნიშვნელობა გააჩნია, ამიტომ რეჟისორებს თავიანთი კარიერის კონკრეტილ ეტაპზე უწევთ ოპერატორისა და მემონტაჟის მათი თავდაპირველი ფუნქცია პროფესიონალ ოპერატორსა და მემონტაჟეს გადააბარონ, რომელთაც ექნებათ ფორმითი ოსტატობა ინდივიდუალიზმის მაღალ საფეხურზე, ხოლო არსობრივი თანხვედრა რეჟისორის ხედვასთან…
სტივენ სპილბერგმაც სამოყვარულო რეჟისურის საფეხურზე ყოფნისას, საკუთარი ფილმების ოპერატორობა და მემონტაჟეობა თავად ითავა; ამ ყველაფრის შესახებ კი მან 2022 წლის ნახევრად ავტობიოგრაფიულ ფილმში (“ფეიბელმანები”) ისაუბრა; სადაც სპილბერგის ალტერ ეგოს, სამი ფეიბელმანს თითქოს დიალოგი აქვს ჯონ ფორდთან, სადაც ფორდი უხსნის მას თუ როდის არის ფილმი საინტერესო: როდესაც ჰორიზონტი მაღლა ან დაბლაა. სწორედ მაღლა და დაბლა მყოფი, სივრცული კადრებით არის გადაღებული მიხეილ კალატოზიშვილის 1957 წლის ფილმი – “მიფრინავენ წეროები”…
თუმცა ფილმის საინტერესოობას არ განსაზღვრავს მხოლოდ კადრის მაღლი ან დაბალი ხედი, ეს კარგად ესმოდა ალფრედ ჰიჩკოკსაც, რომელიც ხშირად იღებდა კადრებს ე.წ “ღმერთის ხედით”, იქნება ეს ფსიქო, ჩიტები თუ ა.შ. ჰიჩკოკის საიმიჯო ჟანრული სტილისტიკა სასპენსია, მისი ფილმები გაჟღენთილია სასპენსით, ბომბით რომელიც უნდა აფეთქდეს, მისი ყოველი ფილმიდან იღვრება სასპენსი, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას ფილმი “თოკი” იმსახურებს, ფილმი რომელშიც ვგონებ ჰიჩკოკი ყველაზე უკეთ იყენებს სასპენსს და გვთავაზობს სასპენსის კლასიკურ მაგალითს: მაგიდის ქვეშ “წამზომზე მომუშავე ბომბია”, რომლის საბოლოო “აფეთქება” ფილმის საბოლოო წუთთან არის კავშირში, ეს ყოველივე კი დაუმონტაჟებელ ერთ გრძელ კადრში მიედინება, სადაც კამერა ნახევრად, უჩინარი პერსონაჟის პერსპექტივიდან იღებს იმ კლაუსტროფობიულ სივრცეს სადაც “თოკის” მოქმედება მიმდინარეობს შესაბამისად ჯეიმს სტიუარტის, კვანძის გამხსენელი პერსონაჟი, “რობერტი” კადრში კი არ შემოდის, არამედ ჩნდება და ამ შემთხვევაში ამ სიტყვათა კონოტაციას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
ჰიჩკოკი არ რჩება ფილმში ფორმითი ოსტატობის ანაბარა და ახერხებს სასპენსის სინთეზირებას ღრმა ფილოსოფიურ თემასთან; ეს თემა კი დოსტოევსკისეული დანაშაულის და სასჯელის თემაა; თუ როდიონ რასკოლნიკოვში ერთნაირად არსებობს უპირატესობის განცდით აღტკინებული მკვლელის ეგო და საკუთარ თავში სკეფსის მქონე მშფოთვარე ბუნება, ჰიჩკოკის ფილმში რასკოლნიკოვის პერსონაჟის ხასიათის ეს განსხვავებული პარადიგმები ორ განსხვავებულ პერსონაჟშია გადანაწილებული (ბრენდონი და ფილიპი) ხოლო ჯეიმს სტიუარტის რობერტი ეს იდეოლოგიის მქადაგებელ პერსონაჟად წარმოდგინდება…
მთელ რიგ ასპექტებში საინტერესო სურათია მილოშ ფორმანის ბიოგრაფიული და ისტორიული კონტექსტის მქონე მხატვრული ფილმი “გოიას აჩრდილი”, რომელიც საოპერატურო ნამუშევრის მხრივ განსაკუთრებულ ინოვაციას არ გვთავაზობს, თუმცა ესთეტიკური სტილითა და მუქი მკვეთრი კადრებით კარგად ახერხებს მაშინდელი ესპანეთის, პოლიტიკური ვითარების ასახვას, რომელიც მართლაც ჰგავს გოიას ნახატს და რომელშიც ფრანჩესკო გოიაც მონაწილეობს…