ალბათ ყველას ძალიან ბევრი ფილმი გინახავთ დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ჯერაც ჩვენს ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში ფანტასტიკის და ადამიანის წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნევა. ზოგი დროში მოგზაურობას სხვა ტექნოლოგიურ პროგრესს ადარებს და აცხადებს, რომ როგორც ოდესღაც ფრენა იყო ფანტასტიკური და წარმოუდგენელი, სწორედ ისეა დღეს ჩვენთვის დროში მოგზაურობა და ოდესმე დადგება დღე, როცა კაცობრიობა ამასაც შეძლებს. საქმე ისაა, რომ ხშირად გვავიწყდება კინოს არსებობის შესახებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის წარმოსახვაში, ილუზიების გამოყენებით ახერხებს, მაინც ახერხებს მაყურებლის სხვადასხვა დროში გადაყვანას. კინო დღესდღეობით საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერ სხვა გამომხატველობითი ხელოვნების დარგთან შედარებით, რომელსაც ჩვენი დროში მოგზაურობა შეუძლია. კინო მაშინ არის კარგი, როცა რეალისტურად ასახავს რაღაც დროს და გვაფიქრებინებს, რომ ეკრანზე გადმოცემული დრო ნამდვილია და გამოსახულების ჩარჩოების გარეთაც იგივე დროა.
განვიხილოთ ძიგა ვერტოვის ,,ადამიანი კინოაპარატით“, სადაც ნაჩვენებია 20-იანი წლების საზოგადოების ყოველდღიური ყოფა. მაყურებელი ეცნობა საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივ ქუჩებს, შენობებს და გარემოს, ამ ყველაფრის პარალელურად კი ხედავს ისეთ არაფრით გამორჩეულ მოვლენებს, როგორებიცაა რიგითი ადამიანების ქორწინება, განქორწინება, გასვენება, მშობიარობა… ასევე თმის დაბანა, ტანსაცმლის რეცხვა, წვერის გაპარსვა და სხვა რუტინული საქმიანობები. კადრების სწრაფი ცვლილება, წყვეტა და შემდეგ ისევ იმავე მოვლენებთან დაბრუნება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ყოველივე ეს ერთდროულად ხდება და ერთი მთლიანი დღის ჩანაწერს ქმნის. ამის გამო თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ დოკუმენტურმა ფილმმა საკუთარი ვალი, ამოგზაუროს მაყურებელი დროში – პირნათლად შეასრულა. მონტაჟის წყალობით ნამდვილად შეძლო ვერტოვმა დროის დამორჩილება და შეუდარებლად გამოყენება. აღსანიშნავია ფილმის მონტაჟისას გამოყენებული ისეთი ინოვაციური მეთოდებიც, როგორიცაა რევერსიული კადრები, ეკრანის ვერტიკალზე ორ ნაწილად გაყოფა და სხვა.
მილოშ ფორმანის ,,თმები“ 60-იანების ნიუ-იორკში გვამოგზაურებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა კლოდ ბუკოვსკის შესახებ, რომელიც ვიეტნამის ომში წასასვლელად ემზადება და ჯარში გაწვევამდე რამდენიმე დღით ადრე ნიუ-იორკში ჩადის ქალაქის დასათვალიერებლად. ფილმი ნათლად აჩვენებს ჰიპების გამორჩეულ ცხოვრების წესს და ამაღელვებელ კულტურას. დროის იდეალურად ასახვაში თანაბარ როლს ასრულებს როგორც მონტაჟი, ასევე სივრცის კონტროლი. ამ საკითხთან მიმართებაში შეგვიძლია ,,თმებს“ მარტინ სკორსეზეს ,,ტაქსის მძღოლი“ მივამსგავსოთ, სადაც ასევე ნიუ-იორკია ნაჩვენები, ოღონდ დროის გასვლასთან ერთად სრულიად სახეცვლილი. ფილმი სივრცის სრული კონტროლითა და მონტაჟის გამოყენებით უზადოდ გვიხატავს ამჯერად 70-იანების ნიუ-იორკს და მის ბინძურ გარემოს, რომელიც სავსეა სხვადასხვა სახის კრიმინალით. ამ ორი ფილმის მაგალითზე თამამად შეგვიძლია ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვათ კინოს უდიდეს შესაძლებლობებს – გვამოგზაუროს დროში. ორივე ფილმში დროის აღქმა ძალზე რეალისტურია. ორივე მათგანი ნიუ-იორკს წარმოგვიდგენს, თუმცა სკორსეზეს დანახულ ნიუ-იორკსა და ფორმანის ნიო-იორკს შორის მსგავსებას ვერ ვიპოვით. ბუნებრივია, ეს სწორედ რომ დროის სრული კონტროლით არის გამოწვეული.
ლუკინო ვისკონტის ,,როკო და მისი ძმები“ არ გვიხატავს რომელიმე სხვა ეპოქას, არამედ გვიჩვენებს იმ დროს, როცა იგი არის გადაღებული, რის გამოც შეგვიძლია ზემოხსენებული ვერტოვის ფილმს – ,,ადამიანი კინოაპარატით“ შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქის სერიოზული ცვლილებები არ არის ასახული, მაინც იგრძნობა დროის ოსტატური კონტროლი. სიუჟეტი ოჯახურ დრამას ხუთი ძმის კვალდაკვალ მიჰყვება და სხვადასხვა სცენა სხვადასხვა ადგილას ვითარდება, თუმცა მონტაჟის წყალობით მაყურებელი გრძნობს, რომ ეს მოვლენები ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ,,როკო და მისი ძმებისგან“ განსხვავებით მიქელანჯელო ანტონიონის ფილმში – ,,წითელი უდაბნო“ სიუჟეტი ერთხაზოვნად ვითარდება პროტაგონისტის კვალდაკვალ, რომელიც ამაოდ ცდილობს ტრავმის შემდგომ ცხოვრების უწინდელ რიტმში გაგრძელებას და შეძენილი შიშების დაძლევას. დიალოგები, სადაც პერსონაჟები საკუთარ მომავალ გეგმებზე საუბრობენ, მაყურებლისთვის ნათელს ხდის, რომ ერთი სცენიდან მეორე სცენამდე გარკვეული დრო გავიდა, თუმცა ამაზე დიდ გავლენას ისეთი გარემო-პირობებით მოხერხებულად თამაშიც ახდენს, როგორებიცაა ამინდის ან დღე-ღამის ცვალებადობა და სხვ.
ასევე ერთხაზოვნად ვითარდება სიუჟეტი ლარს ფონ ტრიერის ,,დოგვილში“. აღსანიშნავია ფილმში არსებული სივრცის კონტროლის გამორჩეული მეთოდი, რომელიც კინოს თოთქოსდა სპექტაკლის ელფერს აძლევს. შესაძლოა, ამის გამო თავდაპირველად ოდნავ არაკომფორტული მოგვეჩვენოს ყურების პროცესი, თუმცა მაყურებელი მალე ეჩვევა და დოგვილში დატრიალებული ქარცეცხლის მონაწილე თავადაც ხდება. გარემოების გამოხატვის ინოვაციური მეთოდი თითქოს ამარტივებს დროის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას, რადგან უგულებელყოფილია ისეთი ბუნებრივი პირობები, როგორიცაა ამინდი და მზის ბუნებრივი სინათლე, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ სცენებს შორის გასული დროის შესახებ მთხრობელი გვამცნობს.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ თითქოსდა ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფ ფილმებს შესაძლოა შინაარსობრივი ბმაც მოვუძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებების შექმნის მიზანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაინც არის რაღაც საერთო. მაგალითისთვის განვიხილოთ ფორმანის ორი ფილმი – ზემოხსენებული ,,თმები“ და ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ,,თმებში“ ნათელია პერსონაჟებს შორის არსებული ყოველმხრივ დადებითი განწყობა, მეგობრობის უმაღლესი დონე, დახმარების სურვილი, ერთმანეთისთვის ხელშეწყობა და ცხოვრების ყველა წამით ტკბობა. რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ ეკრანიზაციას – ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ აქაც ჩანს ის ადამიანური გრძნობები, რომლებიც მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გმირების გადაწყვეტილებების მიღებაზე მკაფიოდ მოქმედებენ. აღსანიშნავია შემდეგი მსგავსებაც: კუბრიკის საკულტო შედევრი – ,,ნათების“, მიქელანჯელო ანტონიონის ,,წითელი უდაბნოს“, სკორსეზეს ,,ტაქსის მძღოლის“ და ფორმანის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას“ მთავარი გმირები მენტალურ დაავადებებს ებრძვიან.
საბოლოო ჯამში შესაძლოა ითქვას, რომ ეკრანზე შექმნილი დროის სწორად გამოყენება და გამოხატვა არცთუ მარტივი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის კინოში.