ბარბაროსობა, ცივილიზაციის გაუკუღმართება არის მორალური, პოლიტიკური და კულტურული თვითმკვლელობა. ადამიანის განადგურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ყოველთვის ნგრევას იწვევს. პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი “სალო ანუ სოდომის 120 დღე” იტალიელი რეჟისორის და ზოგადად კინო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განაცხადია. ფილმი ფრანგი ფილოსოფოსისა და ლიბერტინაჟის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მარკის დე სადის მოთხრობის “სოდომის 120 დღის” ადაპტაციაა. რეჟისორს დე სადის სიუჟეტი 1944 წლის ფაშისტურ იტალიაში გადმოაქვს, საიდანაც ალეგორიული ენით წარმოაჩენს თავის თანამედროვე სამყაროს ყველა უბედურებას, სადაც კორუფციასა და დეკადანსს შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს.
სალო იტალიის ქალაქია, რომელიც მასპინძლობდა ბენიტო მუსოლინის მთავრობას ფაშისტური პერიოდის მიწურულს. პაზოლინი სათაურიდანვე ტოლობის ნიშანს სვამს ამ ქალაქსა და დე სადის “სოდომის 120 დღეს შორის”, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გარყვნილ, ძალადობრივ და ტაბუირებულ წიგნადაა მიჩნეული. ის იღებს კონცეპტუალურ, პროვოკაციულ ფილმს, რითაც ჩვენი არაცნობიერის უფსკრულის ძირში დამალულ საშინელებებს გვაჩვენებს.
ფილმის გამორჩეული სილამაზე და მისი შინაარსის სისასტიკე პროპორციულად პარადოქსულია. გაუპატიურება, წამება, სიკვდილით დასჯა, გაუთავებელი სისასტიკე – ეს ყველაფერი თავს იყრის სალოში მდებარე სასახლეში, სადაც ოთხ არისტოკრატ ლიბერტინს 18 გატაცებული არასრულწლოვანი მძევლად ჰყავს აყვანილი. მთელი ფილმი არის სადიზმის მზარდი, ძალადობრივი და დამამცირებელი სავარჯიშოების სერია, რაზეც უთუოდ გვახსენდება წარწერა დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთის კარიბჭეზე: “შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!”, მითუმეტეს, რომ თავის მხრივ, ფილმის კონსტრუქციაც ამ ნაწარმოების მსგავსია.
კადრების გამორჩეული სილამაზე ერწყმის შემაშფოთებელ, გროტისკულ, დამთრგუნველ, ექსტრემალურ, ოდიოზურ და სადისტურ ელემენტებს. თავად სიტყვა სადიზმი მარკიზ დე სადის სახელიდან მომდინარეობს.
ფილმის ყოველი მონაკვეთი და კადრი დატვირთულია სასოწარკვეთით, რომელთაგანაც პირდაპირი მნიშვნელობით არცერთი გაიაზრება. გაცრეცილი ფირი, სტატიკური კამერები, გრძელი კადრები, მკვეთრი მონტაჟი, მცირე ჭრები და ხმამაღალი მუსიკა-ეს ყველა ის სტილისტური მახასიათებელია, რომელზეც ყურადღების გამახვილება ჩვენთვის რთულია, თუმცა ფილმის არსის განუყოფელი ნაწილია. შემზარავია დისტანცირებული კადრები, რომლებიც უიმედობისა და
უძლურობის ატმოსფეროს ფილმისთვის განუყოფელს ხდიან.
“სალო” არის მწარე, საზიზღარი მეტაფორა უნივერსალური მორალური და სულიერი მდგომარეობის შესახებ, რითაც ავტორი დაუნდობლად კიცხავს სადიზმს, ლიბერტინიზმს, ჰედონიზმს და გარყვნილ ავტორიტეტებს, რომლებიც მათზე სუსტ ობიექტებს ამცირებენ.
ფილმში დომინირებს ნიცშეს ფილოსოფიური იდეები და ფაშისტური მსოფმხედველობა. სასახლეში, სადაც მოქმედება ვითარდება ნებისმიერი სახის რელიგიური გამოვლინება სიკვდილით ისჯება. ღმერთი მკვდარია. ფაშისტებმა აიღეს მისი ტახტი და თავები ზეადამიანებად დაიმკვიდრეს, რომლებიც ყველა დანარჩენ არსებას თავიანთი ამორალური, ოდიოზური სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.
პაზოლინი, როგორც მარქსისტი და ფაშისტების მოსისხლე მტერი ცდილობს დაგვანახოს როგორ იწვევს აბსოლუტური ძალაუფლება მორალურ დეკადანსს, რაც ისევე ახასიათებს ფაშიზმს, როგორც კაპიტალიზმს. კაცობრიობის ინტენსიურად ამაზრზენი და შემაშფოთებელი სიღრმეების იგნორირება, მხოლოდ მის ხელახალ გაჩენასა და გაბატონებას უწყობს ხელს. პაზოლინი იღებს ფილოსოფიურად დატვირთულ ფილმს, რომელსაც პოეტური ენით სააშკარაოზე გამოაქვს კაცობრიობის მიერ ჩადენილი დანაშაულები. ეს ფილმი პირველი ნაწილია დაუსრულებელი “სიკვდილის ტრილოგიის”, რაც დამაინტრიგებელ განცდას გვიჩენს, რა იქნებოდა რეჟისორის საბოლოო ჩანაფიქრი, რომ არა მისი ფილმის გამოსვლამდე 1 კვირით ადრე მომხდარი მკვლელობა.