რამდენად არის შესაძლებელი, რეჟისორმა ეკრანზე ასახოს ის, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ, ამავდროულად, ადამიანისთვის ყველაზე უმნიშვნელო? როგორ შეუძლია ეკრანს, მოახერხოს ადამიანის აბსოლუტური ამოვარდნა იმ ლოგიკიდან, რასაც ყოველდღიურობა ჰქვია. თუ ჩვენ კინემატოგრაფს მივუდგებით ისე, როგორც ხელოვნებას, მივიღებთ, ხშირ შემთხვევაში, სანახაობრივ და სასიამოვნოდ საყურებელ ფილმს, მაგრამ თუ მას მივუდგებით, როგორც ხელოვნურ გამოვლინებას რეალურ ცხოვრებაში, მაშინ შესაძლებელი გახდება, დავინახოთ საკუთარი ცხოვრება სრულიად სხვა რაკურსით, დავიწყოთ ფიქრი სხვა მიმართულებით.
ძმები კოენების 2007 წლის ნამუშევარიც „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ ეფუძნება სწორედ იმ ეგზისტენციალურ ფაზისებს, რომელთა ეკრანის საშუალებით განხილვა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად ჩამარხული ეგოცენტრული ანალიზისკენ არის მიმართული. არსებობდა კითხვა: შეუძლია თუ არა კინემატოგრაფს, აჩვენოს, ერთი შეხედვით, სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალა – შეუწყვეტელი ბრძოლა ადამიანსა და ბედისწერას შორის ისე, რომ მოაქციოს ეს დროისა და სივრცის კონკრეტულ ფარგლებში და ყველა ფაზისი თუ ლოგიკა ამ ბრძოლისა მაყურებლამდე მიიტანოს არა აბსტრაქტულად, არამედ ფიზიკურად, ისევ ადამიანურ ენაზე. ძმებმა კოენებმა კი ამ კითხვის საპასუხოდ გადაიღეს მოცემული ფილმი, მაგრამ რამდენად გულწრფელად გამოუვიდათ ყოველივე ეს მაყურებელთან მიმართებით?
ფილმის დასაწყისიდანვე მაყურებელი ხვდება ყოველგვარი ლოგიკიდან ამოვარდნილ გარემოში, სადაც მთხრობელი (ტომი ლი ჯოუნსი), უდაბნოს და გარიჟრაჟის კადრების ფონზე გვიამბობს ისტორიას, თუ როგორ ხვდა წილად შერიფობა ბაბუისა და მამის ამ საქმიანობის შემდეგ და თუ როგორ ყურადღებით ისმენდა მათ მონაყოლ ისტორიებს სხვადასხვა მოხუცზე, სადაც სიტყვა მოხუცი, ფილმის სათაურაიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევს და გვაიძულებს, უფრო დეტალურად და ყურადღებით ჩავეძიოთ უცნობი შერიფის მონაყოლს. ეს ყველაფერი თანდათან ემსგავსება ერთ ძალიან კარგ ვესტერნს, მაგრამ ამ წარმოდგენებს სრულიად ჩამოშლის სცენა, სადაც ჩნდება პირველი რეალური პერსონაჟი, შემდეგ უკვე ცნობილი, როგორც ანტონ ჩიგური (ხავიერ ბარდემი), რომელიც კლავს პოლიციელს არაადამიანური ემოციებით, რაც უკვე თავიდანვე გვიქმნის წარმოდგენებს მისი მანიაკალური ფსიქოპორტრეტის შესახებ. ეს კიდევ მეტად მძაფრდება მომდევნო სცენაში, როდესაც პოლიციის მანქანით აჩერებს, მანქანიდან გადმოჰყავს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი და კლავს მას უმიზეზოდ. არ ყოფილა მოტივი არც მანქანის მოპარვა, არც გაძარცვა და არც არაფერი, გარდა დაუოკებელი სურვილისა, მოეკლა ადამიანი. აქ უკვე მყარად იბადება მაყურებლისთვის პირველი გმირი, რომელიც იმთავითე ბადებს ძალიან ბევრ შეკითხვას და ამ ალოგიკურ გარემოებებთან ერთად კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს.
ფილმში ძალიან საინტერესოდ არის გამოკვეთილი, თუ როგორ აღიქვამს მაყურებელი ფილმის პერსონაჟს. მოდით, უკეთ ჩამოვაყალიბოთ: ეკრანზე მაყურებელი ხედავს, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს კიდეც მთავარი გმირი, ან არ, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მით უმეტეს ისეთ ფილმში, როგორიცაა „მოხუცების ადგილი აქ არ არის“, მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ ეკრანზე ასახული ადამიანი შეუძლებელია, იმთავითვე იწოდებოდეს, როგორც პერსონაჟი. ფილმში პერსონაჟს სჭირდება ცალკეული სცენა, ერთი კონკრეტული, სადაც გამოიკვეთება მისი დაბადება. დაბადებაში არ ვგულისხმობ ფიზიკურ მოვლენას, არამედ ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, რომ მაყურებელმა შეიგრძნოს, თუ როგორ დაიბადა პერსონაჟი. ეს არის ერთგვარი ოქროს ხაზი და უმნიშვნელოვანესი კავშირი მაყურებელსა და რეჟისორს შორის. ძმებმა კოენებმა ფილმში დასაწყისიდანვე გამოკვეთეს სამი ადამიანი: შერიფი, ანტონ ჩიგური და ლუეინ მოსი (ჯოშ ბროლინი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ მხოლოდ ორი პერსონაჟი ანტონ ჩიგურისა და ლუეინ მოსის სახით, ვინაიდან მათთვის იყო განკუთვნილი ცალკეული სცენები, რომ გვენახა, თუ როგორ იბადება ეკრანზე მათი პერსონაჟი და შერიფი გვევლინება მხოლოდ მთხრობელად, საუბარია ფილმის დასაწყისზე.
აუცილებელია, განვიხილოთ ლუეინ მოსის პერსაონაჟის დაბადება და ის სცენა, რომელიც გარდამტეხი ხდება მთელი ფილმისთვის. ადამიანი, რომელიც ნადირობს ირმებზე, დაჭრილი ირმის მიმდევარი წააწყდება ადგილს, საიდანაც ჩანს ქვემოთ, მისგან 50 მეტრამდე დაშორებულ მანძილზე მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგები. სისხლიანი უდაბნოს არეალი, დახოცილი ადამიანები, დახოცილი ძაღლები და ა.შ. მოკლედ, ტიპური შემთხვევა მექსიკა-ამერიკის საზღვრისთვის და არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ დაინტერესებული ლუინ მოსი მივა შემთხვევის ადგილთან და იპოვის ერთადერთ მანქანაში გადარჩენლ ადამიანს, რომელიც ფაქტობრივად ცოცხალ-მკვდარია და ითხოვს წყალს. ლუიენ მოსს წყალი არ ჰქონდა და არც უცდია, როგორმე წყალი მოეძებნა, პასუხად კი ხისტად და პირდაპირ მიუგო დაჭრილ ადამიანს, რომ წყალი არ ჰქონდა და იქაურობას გაეცალა, რომელმაც შემდეგ დიდი ფული აღმოაჩინა და ამ ჩემოდნით ღამით სახლში მივიდა, ცოლთან ასევე ხისტი ლაპარაკის შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა. აი, აქამდე ჩვენ ეკრანზე ვხედავდით ადამიანს, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა და არ იყო საინტერესო, არც თავისი მანერებით და ა.შ , მაგრამ უცებ ვხედავთ, რომ ლუეინი ვერ იძინებს, დგება საწოლიდან და მიდის კვლავ იმ ადგილას წყლით ხელში. მან ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია ის დაჭრილი კაცი უწყლოდ ამდენ ხანს გადარჩენილიყო და რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა მის იქ მისვლას, მაგრამ აქ ხაზგასასმელი სწორედ ეს ფაქტი გახლავთ: ლუინ მოსს ეს არ გაუკეთებია სხვისთვის, ეს მან საკუთარი თავისთვის გააკეთა. ამიტომ ვერ იძინებდა, ამიტომ არ აძინებდა მას ეს ფიქრები. თანაც, გარკვეულწილად, იკვეთება შიში, რაც ბუნებრივია სხვისი დიდი ოდენობის ფულის მოპარვის შემდეგ. ასე და ამგვარად იბადება ფილმში ლუეინ მოსის პერსონაჟი, ამოვარდნილი თავისი ყოველდღიურობიდან ისე, რომ მისი ახლებური ფსიქოპორტრეტი უკვე ცნობილია მაყურებლისთვის.
ძმებმა კოენებმა გადაწყვიტეს, მათი ნამუშევარი გაჯერებული ყოფილიყო ისეთი სცენებით, რომლებიც ძალიან დამაბნეველი და ღრმა შინაარსის მქონე იქნებოდა, რაც გასაკვირი არც არის პრინციპში, ვინაიდან, როგორც თავიდან ვახსენე, მათი მთავარი ამოცანა იყო, ეკრანზე აესახათ ადამიანისა და ბედისწერის ჭიდილი, საკმაოდ მძაფრ და საინტერესო ასპექტებში. ერთ-ერთი ასეთი სცენა, რომელიც არა მხოლოდ ამ ფილმისთვის არის სახასიათო და მნიშვნელოვანი, არამედ კინემატოგრაფის ისტორიაშიც საკმაოდ ცნობილი და საყურადღებოა, არის, როდესაც ანტონ ჩიგური ტექსასში, უდაბნოს გზაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში შედის და რაღაცას ყიდულობს. გამყიდველი ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მოხუცი კაცია, რომელიც, დროის გაყვანისა და უცხო ადამიანთან საუბრის წამოწყების ტიპური მაგალითით, ანტონ ჩიგურს ეკითხება, თუ როგორი ამინდი შეხვდა მას მგზავრობისას, რაც არის სრულიად ჩვეულებრივი, ყოფითი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი კითხვა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა ჩიგურისთვის. საინტერესო იქნება თუ ამ შემთხვევაში ანტონ ჩიგურის პერსონაჟს სრულიად სხვა რაკურსით შევხედავთ და აღვიქვამთ მას, როგორც არა ადამიანს, არამედ ბედისწერის ადამიანურ გამოვლინებას. რომ ავიღოთ ბედისწერა მთელი თავისი ცნებითა და ფილოსოფიით და მოვათავსოთ იგი ადამიანში, მივიღებთ ანტონ ჩიგურს, რომლისთვისაც ზედმეტი კითხვები ძალიან გამაღიზიანებელი და არასაჭიროა, მით უმეტეს, რომ ეს ზოგადი, მაგრამ იმ მომენტისთვის არაადეკვატური კითხვები შეიძლება ადამიანის მოკვლის სურვილის კიდევ უფრო მძაფრი გამოვლინება გახდეს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ამდენი უაზრო კითხვის ფონზე სრულიად გაწონასწორებული ქცევებით, ჩიგური ამოიღებს ჯიბიდან მონეტას და მოხუცს სთავაზობს არჩევანს გერბსა და ბორჯღალს შორის. ეს თავისთავად არ გახლავთ უბრალოდ თამაში ორი ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში ეს არის ბედისწერისა და ადამიანის თამაში, სადაც ბედისწერა ძალიან მარტივად ადამიანს სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე აყენებს, აქ კი ყველაფერი იღბალს ეფუძნება.
ძმები კოენების „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ იმდენად ბევრ სახასიათო და აუცილებელ ნიშანს შეიცავს, და თან ეს წეღანაც აღვნიშნე, რომ მრავალ ასპექტში აქვთ მათ ეს ყველაფერი განხილული, რომ შეუძლებელიც კი ხდება დასვა კითხვა- რა არის ფილმის მთავარი სათქმელი? და უკეთესი ან საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფილმი თავისთავად ეფუძნება ადამიანისა და ბედისწერის ჭიდილს და ეს ბაზისი იმთავითვე გამყარებულია მრავალი სხვა სახასიათო ელემენტით, რაც რეჟისორის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ფილმში ეტაპობრივად ვხვდებით და ვიცნობთ ახალ სხვადასხვა პერსონაჟს.
– რას გააკეთებდი, რომ გადარჩენილიყო?
– არ ვიცი. არაფერს. საქმე ამაში აღარ არის.
– შენგან ამის მოსმენა მიკვირს.
– თუ იმის დაბრუნებას გადაწყვეტ, რაც აღარ არსებობს, მაშინ დარჩენილი ცხოვრება მაშინვე გაიქცევა. ამიტომ რაღაც მომენტში იძულებული ხარ, ძველ ამბებს წერტილი დაუსვა.
შერიფი არის პერსონაჟი, რომელსაც ჰგონია, რომ ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილში ბოროტება ყოველთვის მარცხდება. ის ჭკვიანი კაცია, რომელიც დასკვნებს თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ფონზე აკეთებს, მაგრამ ერთ დღეს, მის წარმოდგენებს მთლიანად ცვლის ანტონ ჩიგური და სვამს მთავარ კითხვას – არის თუ არა აქ მოხუცების ადგილი? დასკვნების გამოტანა ძმები კოენების დახმარებით შეგიძლიათ, ვინაიდან ისინი თქვენთან ძალიან გულწრფელები აღმოჩნდნენ. დანარჩენი კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ბორჯღალს აირჩევთ თუ გერბს.