მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი კინემატოგრაფები ახალ ტექნიკებსა და თემატიკებს ქმნიან, რომლებიც ქართულ კინოს ახალ სახესა და ღირებულებას სძენს. გიორგი შენგელაიამ 1969 წელს მხატვრულ-ბიოგრაფიული კინო შექმნა ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ, რომლის სიუჟეტი დღესაც ისევე აქტუალურია როგორც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში. ფილმი ნიკო ფიროსმანის ცხოვრებას გვანახებს და გადაღების სტილი და თემა, რომელიც რეჟისორმა გამოიყენა, თანამედროვე მაყურებლებს გვანახებს რამდენად დახვეწილი და წინწასულია იმდროინდელი საქართველოს კინოხელოვნება.
ფილმი ნიკო ფიროსმანის ცხოვრების გარშემო ტრიალებს, რომლის განსხვავებულ ხასიათსაც პირველსავე წუთებში ვამჩნევთ. ის არის ადამიანი რომელიც ხატავს, მაგრამ არასოდეს მიუღია გაკვეთილი სხვა მხატვრისგან. თავიდან ის თავის მაღაზიას მარტივი, მინიმალისტური ნახატებით ავსებს რომელიც გვიჩვენებს მის სიყვარულს ხატვისადმი. შესანიშნავია, როგორ გვანახებს რეჟისორი იმ „ინსპირაციებს“ რომლიდანაც მხატვარი ახალ ნახატებს ქმნის. გარემო რომელშიც ფიროსმანი დადის თითქოს მისი ნახატების გაცოცხლებაა. შენგელაია სიმეტრიული და მოძრავი კადრებით მართლაც აცოცხლებს ფიროსმანის ყველა ნახატს რამაც ამ მხატვრულ-ბიოგრაფილ კინოს ახალი სახე შესძინა.
ფიროსმანის ცხოვრების დიდი ნაწილი მხოლოდ დუქნების ხატვით შემოიფარგლებოდა. მისთვის მთავარი საქმე და პრიორიტეტი ხატვა გახდა და ვერავინ ვერ გადააფიქრებინებდა მას ამ სურვილს. სხვა, ცნობილმა მხატვრებმაც შეამჩნიეს მისი ნახატები, თუმცა მათი პასუხი მხოლოდ დაცინვა და უარყოფა იყო. ეს ნიკო ფიროსმანს არ შეუფერხებია, და ვერც ვერაფერი შეაფერხებდა. ის ამ ქვეყნიდან დაუფასებელი და ხალხისგან უგულებელყოფილი წავიდა, თუმცა იმდროინდელი მაყურებლისთვის ის უკვე კარგად ნაცნობი და დაფასებული იყო, რაც მათთვის ჩამაფიქრებელი და სევდისმომგვრელია. ფილმში შესანიშნავადაა გადმოცემული ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაზე, ბევრიც ფიროსმანს შეშლილადაც მიიჩნევდა, რადგან სხვა, უფრო შემოსავლიან სამსახურზე უარს ამბობდა. თავის საქმეზე შეყვარებული ხელოვანის ისტორია ცნობილი თემაა რომელზეც მრავალი ფილმი შექმნილა, ფიროსმანს კი მათ შორის დიდი ადგილი უკავია.
გიორგი შენგელაია განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებს, რომელიც მაყურებლის გაოცებას იწვევს. ფილმის ბოლოს, როდესაც ნიკო ფიროსმანი ბავშვობის ადგილას ბრუნდება, ვხედავთ როგორ იცვლება კადრიდან კადრში – ზრდასული ნიკო, ბავშვად და ვუყურებთ როგორ დროს ატარებდა ის მის მშობლიურ სოფელში. ასე ვხედავთ მხატვრის მოგონებებსა და ფიქრებს რომელიც მას პერიოდულად ახსენდება. ეს ტექნიკები ახალი და ექსპერიმენტულია რომელმაც ფილმს ახალი ღირებულება შესძინა. ასევე მსახიობები განსაკუთრებულად თამაშობენ როდესაც დრო გადის და ფიროსმანი უკვე მოხუცებულია, მხატვრებმა და რეჟისორმა გარეგნობა შესანიშნავად შეუცვალეს მსახიობს, და მას ასაკი მოუმატეს.