ნანა ექვთიმიშვილი 2013 წელს გადაღებული ფილმით „გრძელი ნათელი დღეები“ პირველად აცხადებს პრეტენზიას კინემატოგრაფით გადმოსცეს ყოფითი რეალობა ყოველგვარი ფარსისა და გროტესკის სინთეზური ურთიერთკავშირის გარეშე. იგი ეპოქალური ფერწერის, ლიტერატურის თუ სხვა ხელოვნების დარგების საფუძველზე ქმნის იმ კომპოზიციურ ფორმას, რომელშიც 2000-იანი წლების სოციალური მდგომარეობაა ილუსტრირებული და თემატურად აქსოვს ფილმში ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ძალადობა, სექსიზმი, მკვეთრად გამეფებული პატრიარქატი, ლოთობა, ქრონიკული ჩხუბი, მოტაცების ყოველგვარ მორალს მოკლებული ტრადიცია, ქალიშვილობის ინსტიტუტი, ქუჩაში “ბირჟავიკი” ბიჭები, უშუქობა, პურის დაუსრულებელი რიგები, ქაოსი, განუკითხაობა…
ზემოაღნიშნული თემები ნამდვილად საუბრობენ იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ნუთუ კარგი კინემატოგრაფისთვის აქცენტირებული საკითხების სხვადასხვა სცენაში ჩაშლა, საკმარისია, რომ რეალობის ასახვაზე გამოცხადებული პრეტენზია დააკმაყოფილოს? ნანა ექვთიმიშვილი ფილმში მართლაც რომ ზედმიწევნით ასრულებს პროზაული კინოსთვის განკუთვნილ ყველა პირობას, თუმცა რა არის კონკრეტულად ის რასაც სინამდვილის შეგრძნება მოაქვს? ეს დამსახურება, ერთი მხრივ, შესაძლოა, მივაკუთვნოთ ოპერატორის ნამუშევარს, რომელშიც კადრები, მიუხედავად საშუალო ხედებისა, მაინც პორტრეტული, დინამიური და საჭიროებისამებრ სწრაფად განვითარებადია. რეჟისორული ხედვით კი ვიღებთ იმ უცნაურ კომპოზიციურ ფორმას, რომელსაც სივრცესთან თანასწორობისა და ურთიერთობის განცდა თავისთავად მოაქვს. ამის დამსახურება ასევე უნდა მივაწეროთ მსახიობების რეალისტურ ნამუშევარს, ისევე, როგორც მხატვარს, რომელმაც მონოქრომული ცივი ფერებით ფილმი ეპოქალურად მეტყველი გახადა.
ფილმი შინაარსობრივი თხრობის თვალსაზრისით თითქოს თვითნებურად მისდევს იმდროინდელი ახალგაზრდა თაობის ლიტერატურულ ტრადიციებს. აქედან გამომდინარე კომპოზიციური ფორმით ვიღებთ რეალისტურ და ნოველისტურ თხრობის სტილს, რომელიც ხელოვნების იმდროინდელმა ტენდენციებმა გამოიწვია. ხანდახან ეს ყოფითი გროტესკული რეალიზმი ემსგავსება ლიტერატურულ მონტაჟს, რომლის საშუალებითაც ყველაფერი მათემატიკურად გათვლილი და დამუშავებულია, ხანდახან კი იგი ჰგავს ცოცხალ, მოძრაობაში მოქცეულ და რეპორტაჟული ხასიათის მქონე ქრონიკას.
ფილმში მთავარ გმირებად გვევლინება ორი მეგობარი, რომელთაც ასპარეზობა ქრონიკული დაპირისპირების, ძალადობისა და სიღატაკის ქაოსურ ეპიცენტრში უწევთ. შინაარსობრივი მოცემულობა გვთავაზობს, ერთი მხრივ, თანამედროვე საზოგადოების კრებით სახეს, რომელიც ნიჰილიზმითა და კონფორმისტული დამოკიდებულებითაა განწყობილი არსებული რეალობის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდებს, რომელთაც ახლა უჩნდებათ პროტესტი ოჯახური თუ სასკოლო ინსტიტუციის, საზოგადოების, ადამიანების და ზოგადად ცხოვრების მიმართ. თუმცა, სამწუხაროდ, პროტესტი პროტესტად რჩება. სწორედ ამის გამოხატულებაა ნათიას გადაწყვეტილება ცოლად გაჰყვეს მოძალადეს, მაშინ როდესაც სხვა ადამიანის მიმართ აქვს გრძნობები. ასევე მეტაფორულად გამოხატავს რეალობის მიმღებლობას ეკას ნათიას ქორწილში ცეკვის სცენა. თუკი ოვაშვილის „გაღმა ნაპირში“ თედოს ფინალური ცეკვის სცენას სიმბოლურად თავისუფლების და იმედის დატვირთვა აქვს აქ პირიქით, თითქოს პერსონაჟი იაზრებს მდგომარეობის სავალალოობას და დრომოჭმული მენტალიტეტისა და ნიჰილიზმის ნარევის მზარდ უფსკრულში ეშვება.
საინტერესოა რეჟისორი ორი ოჯახის მდგომარეობით როგორ სარკისებურ ინსცენირებას ახდენს იმ ფაქტისა, რომ ქალის ტრაგიკული ყოფა საზოგადოების მენტალობის გამო დაუსრულებლად ცირკულირებს. ნაგულისხმევია ნათიას ორი ოჯახი გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგ. პირველ ოჯახში თუკი მამაკაცის ფიგურა მოძალადე და პრობლემატურია, ანალოგიური ხდება მეორე ოჯახშიც, ერთგან თუკი ქალს ამცირებენ და შეურაცხყოფენ, მეორეგანაც იგივე სიტუაციაა. მხოლოდ გარემოების მსხვერპლია უცვლელი – ნათია. თუმცა ეს არ იცის მან, მისი ცნობიერი არ იღებს იმ ფაქტს, რომ ბავშვობაზე უარი ათქმევინეს, ყველანაირი პერსპექტივა მოუშთეს, გაყიდეს, გააუპატიურეს, ის ჰაერი მოუწამლეს, რომელიც ფილმის ბოლოს გონებას უხშობს…
ფილმში ბევრი აქცენტი დაისვა, ბევრი საკითხი გაშიშვლდა მაყურებლის წინაშე, მაგრამ თითქოს მთავარი თითის გაშვერის სამიზნე ისევ ის საზოგადოებაა, რომელიც ომმა, სიღატაკემ და გაუნათლებლობამ ბრბოდ აქცია… ბრბოდ, რომელიც ინდიფერენტულად არის განწყობილი ყველაფრის მიმართ. ის არ იღებს ხმას, როცა მის თვალწინ არასრულწლოვანს იტაცებენ, ის მაშინაც დუმს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს მოსაკლავად მისდევენ, მაშინაც როცა ბავშვები ქუჩებში დანებით დადიან და ერთმანეთს ძალადობის უკიდურესი ფორმებით უსწორდებიან… მისთვის არ არსებობს ადამიანობა, მხოლოდ გადარჩენის ცხოველური ინსტიქტი დგას დღის წესრიგში. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით კი ლადოს მკვლელობის შემდეგ, ეკაში თითქოს რაღაც მეტამორფოზული ხდება, რაღაც რაც აიძულებს ის ნაბიჯები გადადგას, რისიც აქამდე ეშინოდა. სწორედ ამიტომ, ეკა მესახება ახალგაზრდობის იმ სიმბოლოდ, რომელიც მოშთობს დრომოჭმულ ტრადიციებს და საბოლოოდ დააღწევს თავს უსუსურობის, უმეცრებისა და სულიერი უთვისტომობის მზარდ უფსკრულს.