გარემოებები განაპირობებენ ინდივიდის პიროვნულობას, დამოკიდებულებებს მის მიღმა არსებული რეალობისადმი და თვითშემეცნების უნარის სიმძაფრეს.
ეკრანებზე 1959 წელს გამოჩენილი ტრიუფოს პირველი ფილმი ფრანგული ახალი ტალღის დეფინიციად შეიძლება ჩავთვალოთ, ვინაიდან მასში იკვეთება ის მამოძრავებელი ნიშნები, რომლებიც 50-60-იანი წლების ფრანგულ კინემატოგრაფიას აძლევს დასაბამს და გამოარჩევს მას მანამდე არსებულისგან.
ორიგინალი ფრაზეოლოგია ითარგმნება, როგორც ტანჯვა, ჯოჯოხეთის გამოვლა, ტკივილის გაძლება და, 400 დარტყმის საკუთარ თავზე გამოცდა, ანუ ყველაფერი ის, რამაც შეცვალა 12 წლის ანტუანის პიროვნება, რომელიც გარკვეულწილად იტევს თავის თავში ავტორისეულ ბავშვობასა და მოზარდობას, მის ფიქრებსა და პრობლემატურ პერიოდებს.
ჟან პიერი ხდება უმწეო, სამყაროში დაბნეულად მოსიარულე იმ პერსონაჟის სახე, რომელსაც რეალურად ურთიერთგაგება, თანაგრძნობა, ემპათიური საუბრები და შაბლონურ სასამართლო ღონისძიებებს მიღმა არსებული სიმშვიდე სჭირდებოდა, ბობოქარი ასაკის ზეგავლენით, სამყაროს აღქმის აბსტრაქციაში შეტანილი ცვლილებების შედეგებით, ანტუანი იქცევა მიუსაფარ ბიჭად, რომლის ერთადერთი სანუკვარი
სურვილი, იხილოს ფართო ჰორიზონტზე გაშლილი ზღვა, მისი ბავშვური და იმავდროულად ნაადრევად გაზრდილი გრძნობების განმარტებაა.
ბავშვის ფსიქოლოგია პირდაპირ კავშირშია საარსებო გარემოსთან, სითბოსა და სიყვარულის დაყვედრებულ თუ გულწრფელად გაცემით მიღებულ დოზასთან, ოჯახური სიმტკიცის რყევასთან, გაუცხოების ყოველწამიერად ხილვასთან, სილამაზის ყველაზე ახლობელ ადგილებში ვერაღმოჩენასთან და, უპირველეს ყოვლისა, უფროსების მიერ შექცეულ ზურგთან, როცა მავედრებელი თვალებით, მინიშნებებით და ზღვარგადასული სიცელქით ყურადღების მიპყრობას და უხმოდ კივილს ვცდილობთ დახმარების ხელგამოწვდილი თუნდაც ერთი პიროვნებისთვის თვალის შევლების დაუოკებელი სურვილით.
ანტუანის მიერ გაჯახუნებული კარი, მთრთოლვარე თითებით დასმული წერტილი მშობლებისადმი დატოვებული წერილის ბოლოს, ცხოვრებისეული იმედგაცრუების პირისპირ მხოლოდ მის მსგავსად უმწეო, უუნარო, ეგზისტენციალიზმის ავან-ჩავანის აზრზე ვერმყოფ ბიჭთან ერთად დგომისას მოპარული წვეთებით მოკლული წყურვილი
ხმამაღალი პასუხია საზოგადოების უმოქმედობაზე, დაკარგულ მოტივაციასა თუ დაკარგულ შეგნებაზე, გაუნეიტრალონ მოზარდებს ის წუთები, რომლებიც ისედაც ზედმეტად ამაღელვებელი, ზედმეტად რთულია მათთვის.
ფილმის ბოლოს ყველაზე სასტიკ ფაქტებს ეხდება ფარდა მაყურებლისთვის და გარდაუვალს ხდის საათის მანძილზე შეკავებული ცრემლების უკან დაბრუნებას მაშინ, როცა იგებ, თურმე ჯერ კიდევ მცირეწლოვან ანტუანს საკუთარი არსებობის ადეკვატურობაში, ამ ქვეყნად ყოფნის მიზეზიანობაში ეჭვი შეუტანია და რომ მისთვის ვერაფერი იყო დამალული და რომ განვლილი დღეები, ჩამქრალი სიყვარული ოთხ კედელში, არასტაბილური საარსებო გარემო ანგრევს ფსიქიკას, ანადგურებს ბავშვურ ოცნებებს და გაიძულებს, საჭიროზე ადრე გაიზარდო.
ანტუანი სახეა ბავშვობადაკარგული ან წართმეული ყველა იმ ინდივიდისა, რომელთაც ფარსი სითბოს ფონზე მიღებული საატრაქციონო სიამოვნება თავიანთ მნიშვნელოვნობაში ვერ დაარწმუნებს.
ჩვენ, ყველს გვჭირდება კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც უყურადღებობის სენით ტანჯული სხვების ფონზე, დაუღალავად შეგვახსენებენ ჩვენსავე ღირებულებას და უკანმოუხედავად წასვლის სურვილის, არასაკმარისობის განცდას არ გვაჩუქებენ.
კულმინაცია ვარიაციების საშუალებას იძლევა და ყოველი მათგანი შესამჩნევი კონტრასტულობით გამოირჩევა.
იქნებ სულაც საწადელმიღწეული პატარა ბიჭი სიკვდილის იმ მიუწვდომელ კარში გადის ტალღების შეხებისთანავე, რომელზედაც ისედაც დიდ ხანს ფიქრობდა?
ან იქნებ ჰორიზონტდაკარგული მარინისტული პეიზაჟი მეტი სირთულის, მეტი დაბნეულობის და უფრო მძაფრი განცდების ალეგორიაა, რომელიც აუცილებლად ეშლება ყველას თვალწინ და რომელიც გარდამტეხ მომენტს, დამაგვირგვინებელ წამს წარმოადგენს ზრდასრულობაში გადაბიჯების?
უკანასკნელ კადრზე აღბეჭდილი შეშინებული მზერა ახლა უკვე არა მხოლოდ მაყურებლისკენ, არამედ სიფრთხილით მოსაკიდებელი ახალი საფეხურისკენაა მიმართული, სადაც ანტუანს ისევ დასჭირდება ადამიანი უნარით, დააჯეროს არსებობის სილამაზე, სამყაროს განუყოფელ კონცეფციად მიაჩნევინოს თავი და არ დაუშვას თვითგანადგურება. იმ უნარით, რომელიც დღესაც ასე აკლია საზოგადოებას.