„საშიში დედა“ ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, განსხვავდება უამრავი სხვა ფილმისგან. პერსონაჟები ისე ლაპარაკობენ, როგორც სინამდვილეში. მონტაჟის და ამბის განვითარების ტემპი ბევრად უფრო აჩქარებულია, ამიტომ ამბავი აქ ბევრად უფრო დიდი და გრძელია. „საშიშ დედაში“, ისევე როგორც „სიმინდის კუნძულში“, არის ომი, ოღონდ არა პოლიტიკური ომი ორ ქვეყანას შორის, არამედ მთავარი პერსონაჟის შიგნით მიმიდინარე ომი. აქაც არის მაგია, როგორც „ნამეში“, მაგრამ ეს მაგიაც პერსონაჟის შიგნით არსებობს და არის არა ცივი და ლამაზი, არამედ ცხელი, შავი და უშნო.
კიდევ ერთი, რაც „საშიშ დედას“ „ნამესთან“ აახლოებს არის თვითრეალიზაციის თემა და მისი კავშირი მაგიასთან. „ნამეში“ თავდაუმკვიდრებელი ადამანიანები ლამაზი, კეთილი, მაგრამ ცივი მაგიის მსახურებად გვევლინებიან, „საშიშ დედაში“ კი თვითრეალიზაციის გადავადებაც კი ბოროტ, მახინჯ მაგიას ქმნის, ოღონდ ისეთ მაგიას, რომელიც ადამიანის გარეთ თავისი პირველადი სახით გამოსვლას უფრთხის.
ანა ურუშაძე ხმასაც განსხვავებულად იყენებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ მუსიკას, ვგულისმობ ეფექტებს: „მანანანგალის“ ტიკ-ტიკს, რომელიც მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაციის და ანომალიურობის, მისი მონსტრული ბუნების გამომხატველია და დამზაფვრელ და მოულოდნელ ხმებს, რომლების მაყურებლის დაძაბვას ემსახურება. მაყურებლს დაძაბვაზე, ფერებიც უნდა ვახსენო. აქ გამოყენებული ფერების პალიტრა ზოგჯერ საშინელებათა ფილმის მსგავს ატმოსფეროს ქმნის.