ანდრეი ტარკოვსკის “სარკე“ მარტოობაზეა, მოგონებებზე, იმედგაცრუებაზე, მწუხარებაზე, განცდაზე, ემოციებზე. სარკე – ჩვენი შინაგანი აზრებისა და სურვილების ძლიერი გამოხატულებაა, ჩვენი წარსულია, მომავალია, აწმყოა. სარკეში ჩვენს გამოსახულებას ვხედავთ, თუმცა ტარკოვსკისთან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ჩვენი სულიერი გამოსახულება გვიდგება თვალწინ, ვშიშვლდებით. მოგონებები ცოცხლდებიან და წარსული თითქოს აწმყო ხდება.
სარკეს პერსონაჟები საკუთარი წარსულის შესასწავლად და სამყაროში თავიანთი ადგილის გასაგებად იყენებენ. ჩვენი ანარეკლი ხომ ჩვენი ფარული სურვილებისა, მზაკვრული ჩანაფიქრებისა და შიშების გამოვლინებაა. ერთ-ერთ სცენაში პერსონაჟი ხედავს, რომ საკუთარი ანარეკლი ნელ-ნელა მამის ანარეკლში გადაიქცევა. შიში იმისა, რომ ჩვენს მშობლებს არ დავემსგავსოთ, მათი ნაკლი ჩვენში არ დავინახოთ, ადამიანს სულ თან დასდევს.
სარკე ადამიანის გონების მსგავსად მუშაობს: რეალობა მხოლოდ შეცვლილი ფორმებით აისახება და იყინება მეხსიერებაში. ქვეცნობიერს შეუძლია დროისა და სივრცის სხვადასვხგავარად აღქმა. თვალების დახუჭვით, ჩვენ შეგვიძლია იმ ადგილს დავუბრუნდეთ, სადაც ერთდროს ვიყავით ან თუნდაც არ ვყოფილვართ, თუმცა როგორღაც გავიგეთ მათ შესახებ და წარმოდგენილმა სურათმა გვშთანთქა. წარსული
შეიძლება მოჰყვეს აწმყოს, რეალობას შეიძლება მოჰყვეს სიზმარი, ფანტაზიას კი – მოგონება.
მაგრამ მხოლოდ დორიან გრეის პორტრეტივით საშიში არ არის სარკის არსებობა. იგი შეიძლება იმედისა და შეცდომების გამოსწორების, გამოსყიდვის, ნამუსის გაწმენდის, სპეტაკი სულის დაბრუნების წყარო იყოს, რომლისკენაც ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის. სცენა, სადაც ქალი სარკეში იყურება, ხოლო სარკიდან მას მისი პატარა მე უყურებს, სწორედ დაკარგული ახალგაზრდობისა და სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის შესაძლებლობაა, კავშირის აღდგენაა ჯერ კიდევ გაურყვნელ მესთან, უდანაშაულოსთან, ოცნება და გაოცება რომ შეუძლია.
საკუთარ თავთან დაპირისპირება რთულია, უფრო რთულია იმის გააზრება, რომ ის არ ხარ, რად ყოფნაც ასე ძლიერ გსურს. სარკე კი ამის გააზრებაში გეხმარება. გაიძულებს ანარეკლს ჩახედო და ყველა ის ნაკლი დაინახო, რომელიც მშობლისგან გადმოგეცა, რომელიც შენივე გამოცდილებამ გიწილადა; დაინახო ყველა ის კარგი თვისება, რომელიც ბავშვობაში გაგაჩნდა, ახლა კი უგზო-უკვლოდ გაქრა. საკუთარი მე დაინახო წარსულსა და აწმყოში; თვალი მოკრა მომავალსაც და შეგეშინდეს; ეცადო გამოისყიდო ყველა დანაშუალი, რომ შემდეგ ჯერზე რომ ჩაიხედები, ანარეკლი ისეთივე შემაძრწუნებელი არ იყოს, როგორც მაშინ.
სარკის მიზანია დაგეხმაროს, დაგაფიქროს, შეგაშინოს, და რაც მთავარია, აგალაპარაკოს. ჰიპნოზია, მედიტაციაა. და თუ ალაპარაკდები, მაშინ ხსნას იპოვი. “მე შემიძლია ლაპარაკი“ – ამბობს ტარკოვსკის პერსონაჟი და შემდეგ მოგონებებში ვიძირებით, რადგან სწორედ ჩვენ ჩვენი წარსულის ანარეკლი ვართ, მოგონებები და გამოცდილება განსაზღვრავს ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. თუ ავლაპარაკდებით, თუ შევძლებთ ჩვენში ვიპოვოთ რაღაც, რაც დაგვეხმარება ჩვენს შეცდომებს თვალი გავუსწოროთ, ანარეკლს შევხედოთ და აღარ შეგვეშინდეს ტკივილის, სწორედ მაშინ ვპოვებთ ხსნას.