თქვენ თუ წახვიდოდით უცხო სოფელში, მისამართის ცოდნის გარეშე, მეგობრის სახლის მოსაძებნად? ალბათ, ჩემსავით თავს შეიკავებდით, ან იკითხავდით – რატომ არ შეიძლება გავიგოთ ეს მისამართი და შემდეგ წავიდეთო. აი აჰმედს, არ აქვს ამის გარკვევის არც დრო და არც შესაძლებლობა. მეგობარი კი აუცილებლად უნდა იპოვოს, რადგან თუ ამას ვერ მოახერხებს, მეორე დილით სკოლიდან გარიცხვა ელის.
აბას კიაროსტამის 1987 წლის ფილმი “სად არის მეგობრის სახლი?” აჰმედის სწორედ ამ თავგადასავალზე გვიყვება. თვითონ ამბავი საკმაოდ მარტივია და ორი სიტყვით შეგვიძლია მოვყვეთ, თუმცა გადმოცემის ფორმა არის ჯადოსნური. ამის დასტურად მხოლოდ აჰმედის გამომეტყველება კმარა. მის როლს ბაბაქ აჰმადპური შესანიშნავად ასრულებს და მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი ბუნებრიობას ინარჩუნებს და ეტყობა, რომ მისი ქცევები გულიდან მოდის. ამ სახეს ფილმის განმავლობაში ყველაზე მეტად ვხვდებით. იგი იმდენად გულწრფელი და უმანკოა, რომ გინდება ეცადო შენც რამენაირად დაეხმარო და მიასწავლო მეგობრის სახლის მისამართი– უთხრა იქით გაუხვიეო ან ამ ქალს ჰკითხე, ეგებ იცნობდეს მუჰამედის მშობლებსო… თუმცა შენც იმდენივე იცი, რაც აჰმედმა და გიწევს აქეთ-იქით იარო კოკერიდან პოშტეჰამდე.
აღსანიშნავია, რომ ფილმი ირანელი პოეტის, სოჰრაბ სეფეჰრის პოემის ინსპირაციით შეიქმნა, რომელსაც იგივე სათაური აქვს. თვითონ ფილმიც იმდენად პოეტურია, რომ შეიძლება ჩაითვალოს, იგი ამ პოემის გაგრძელებაა. ფაქტობრივად, იგი არის ოდა, მიძღვნილი მეგობრობისადმი. თუმცა, ალბათ უფრო იმას ესმევა ხაზი, როგორ შეუძლია ადამიანს თავი გასწიროს იდეალის გულისთვის, ვიდრე თვითონ მეგობრობის მოვლენას. აჰმედის გონებაში ჩნდება პრობლემა– მეგობარს დავალება უნდა ეწეროს რვეულში, თორემ უბედურება მოხდება– და ამის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. მისი ხეტიალი მუჰამედის მოსაძებნად და თავს გადამხდარი დაბრკოლებები, უფრო გვიმძაფრებს სურვილს, რომ მალე მიაღწიოს დანიშნულების ადგილს; ამავდროულად კი თვალს გვწყვეტს ირანული სოფლების ესთეტიკურობა და პოეტურად დახატული სცენები.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ბავშვები, რომლებიც აჰმედს შეხვდნენ გზაში და არანაკლებ შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ როლს. ისინი ერთადერთი არსებები არიან მუჰამედის სამყაროში, რომლებიც უგებენ და ცოტ-ცოტა ინფორმაციითაც ცდილობენ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ. მათ გარდა, მხოლოდ ერთმა მოხუცმა კაცმა გადაწყვიტა მისი დახმარება, თუმცა ისიც ამაო აღმოჩნდა.
რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს ფილმის განმავლობაში, ეს არის უფროსების უაზრო, დაპროგრამებულ პასუხები, რომლებსაც მოსმენის გარეშე იძლევიან; ან საერთოდ თავის საქმეს აკეთებენ და სულ არ აქცევენ ყურადღებას ბავშვს. მხოლოდ იმეორებენ “ეს უნდა გააკეთო”. აჰმედიც მორჩილად აკეთებს რასაც ეუბნებიან. სხვა ბავშვებიც მორჩილად აკეთებენ მშობლების ნათქვამს, თუნდაც წელი ასტკივდეთ მძიმე რძის ბოთლების ზიდვით, როგორც აჰმედის კლასელს დაემართა. მომავალში კი ალბათ თვითონაც გახდებიან ისეთივე მშობლები, როგორც აჰმედის ბაბუის მაგალითზე ვხედავთ.
ფილმი აბას კიაროსტამის “კოკერის ტრილოგიის” ნაწილია. როგორც აბას კიაროსტამიმ აღნიშნა, იგი “ცხოვრების სიძვირფასეზე” გვიყვება და ნამდვილად ცდილობს დაგვანახოს, როგორ ექცევიან საქმეში ჩაფლული უფროსები “ახალ სიცოცხლეს”, კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მიზეზს. ვფიქრობ, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გააჩნდეს ადამიანს, ნებისმიერს, ვინც ამ ფილმს უყურებს, მოუწოდებს რომ გადააფასოს თავისი დამოკიდებულება არამხოლოდ ბავშვების, არამედ ზოგადად ადამიანების მიმართ.