ადამიანები გაუბრალოებისკენ სრულიად გაუცნობიერებლად მივდივართ, როგორც ფრანგული კინოს ახალი ტალღის უმნიშვნელოვანესი რეჟისორი რობერტ ბრესონი ამბობდა.
„სიმარტივისკენ არ უნდა ილტვოდე, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ ის თავად მოდის შენთან, ყველაზე უარესი გაუბრალოებისა და გამარტივების ნაადრევი მცდელობებია.“-ამას ხელოვნურობამდე მივყავართ, რაც ბრესონისეულ წარმოდგენებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კინოში მისთვის დამახასიათებელი ხედვა განპირობებული იყო მინიმალიზმით, სწორი ტემპით და ატმოსფეროთი, რომელსაც ინდივიდუალურად შერჩეული განათება და არაპროფესიონალი მსახიობები ქმნიდნენ. ანდრეი ტარკოვსკის აზრით სწორედ ბრესონი იყო ის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც შეძლო და კინოს ისტორიაში აბსოლუტურ სიმარტივეს მიაღწია. ამ სიმარტივის უკეთ აღქმა რომ შევძლოთ, გავიხსენოთ 1951 წელს გამოსული „სოფლის მღვდლის დღიური“, ჟორჟ ბერნანოსის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული, რობერტ ბრესონის სარეჟისორო მასტერკლასად აღიარებულ ფრანგული კინოს შედევრი.
ფილმი ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, ეს გადაწყვეტილება ბრესონმა ასე ახსნა -„ჩემთვის მთავარი კინოში მაქსიმალური გულწრფელობა და დამაჯერებლობაა“.
ის თვლიდა, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ფილმში იდეალური დამაჯერებლობის მიღწევა (გარკვეული მიზეზების გამო) შეუძლებელი იყო, აქედან გამომდინარე უპირატესობას ყოველთვის გამოუცდელ კადრებს ანიჭებდა.
რთულია გადაჭრით თქმა ეს მხოლოდ მისი ახირება იყო, თუ შესაძლო ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბების მცდელობა, თუმცა ფაქტია, რომ რეჟისორს მსგავსი მიდგომა დაეხმარა მისთვის სასურველი სიზუსტით შეექმნა ახალგაზრდა მღვდლისა და კიდევ ბევრი სხვა პერსონაჟის ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სახე.
არაპროფესიონალ მსახიობებს ბრესონი მოუნათლავ ადამიანებს ადარებდა, ყველანაირი მიწიერი გამოცდილებისგან თავისუფალ არსებებს, რომელთაც თეორიულად თავად ნათლავდა (კინოხელოვნებასთან ზიარებით). მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლის პერიოდში მის გადაწყვეტილებებს ნაწილი კრიტიკულად უყურებდა, წლების გამოცდილებამ ყველას აჩვენა, რომ ამ არაპროფესიონალმა მსახიობებმა, სწორედ თავიანთი ინდივიდუალიზმის წყალობით მოახერხეს მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟების შექმნა.
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა იდეალისტ მღვდელზეა, რომელსაც უწევს თვალი გაუსწოროს ბედისწერის უკუღმართობით გაჩენილ პრობლემებს და მაშინ, როდესაც პარალელურად მუდმივ ბრძოლაშია საკუთარ დემონებთან,ის ვალდებულია თავის მრევლს პირნათლად ემსახუროს.
ცენტრალური ფიგურა, რომლის სულიერ მოგზაურობასაც მივადევნებთ თვალს, განასახიერებს სპირიტუალურ პილიგრიმს. ზოგადად, კინოში ბრესონისეულ სიუჟეტს საბოლოოდ ყოველთვის მივყავართ რწმენამდე, ეგზისტენციალიზმსა და ადამიანურ გამოცდილებებამდე. მთლიანი ნარატივის სრულყოფილად გადმოსაცემად რეჟისორისთვის მთავარი მიზანი დღიურის, როგორც თხრობის იარაღის გამოყენებაა. ეს არამხოლოდ უნიკალურ სტრუქტურას ქმნის ფილმისთვის, არამედ საშუალებას გვაძლევს მღვდლის ფსიქოლოგია უკეთ შევისწავლოთ.
დღიური გვამოგზაურებს გმირის შინაგან ფიქრებში. პერსონაჟის გზას დამკვირვებლის პოზიციიდან ვუყურებთ,თავს ამ ახალგაზრდის ადგილზე არ წარმოვიდგენთ, თუმცა მის მიმართ გვიჩნდება მაქსიმალური ემპათია, რაც რეჟისორის იდეური ჩანაფიქრია.
თხრობის სტილი უჩვეულო და განსხვავებულია, თითქოს სოფლის ეკლესიაში მსახურების სხვადასხვა მნიშვნელოვან მომენტში, უეცრად მღვდლის გვერდით აღმოვჩნდებით. ის ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოგლეჯილ კადრს ჰგავს, ისეთია, რომ ნახავ და გაიფიქრებ, უფრო რეალისტური რამის გადაღება საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი. ამას კი უპირველეს ყოვლისა პერსონაჟების დინამიკური განვითარება განაპირობებს.
პატარა სოფლის, ამბიკორ(ტ)ის, ეკლესიის მღვდელი ნარატორი თავადაა. ის საკუთარ დარდს გვიზიარებს, ჩვენ კი ვუყურებთ, ვუსმენთ და საბოლოოდ გაოგნებულები ვრჩებით ისტორიებით რომლის გადატანაც ამ უწყინარ, ღმერთისთვის სრულიად თავგანწირულ და საკუთარი რელიგიის მიმართ უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდას უწევს. იგი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს მთლიანად უძღვნის უფალს, სანაცვლოდ კი გაუგებარი მიზეზით მისი მრევლისგან მხოლოდ ზიზღს და ცუდ დამოკიდებულებას იღებს.
ეკლესიის გვერდით ამოსული ხე, მღვდლის იმ შინაგან მდგომარეობას განასახიერებს, რომელსაც ტანჯვა და მარტოობით გამოწვეული იზოლაციის სევდა ეწოდება. როგორც თავად ამბობს იგი წმინდა აგონიის ტყვეა.
ქრისტიანობა მსგავსი მოცემულობის გარეშე არ არსებობს. მთელი თავისი გენიალურობით მრწამსისთვის მოწამებრივი გზის გავლის ერთგვარ, ბრესონისეულ თარგმანს წარმოადგენს ეს ფილმიც. იგი მისეული სარეჟისორო ოსტატობის ძღვენია სრულიად ქრისტიანული სამყაროსა და კაცობრიობისთვის.
უბრალო მღვდლის მაგალითზე ბრესონმა შეძლო ეჩვენებინა ადამიანად ყოფნის სირთულე და კომპლექსურობა, მისი, როგორც პიროვნების ინდივიდუალური განვითარების გზა. წინააღმდეგობრივი, მაგრამ მტკიცე და ჭეშმარიტი, რწმენით აღსავსე. მას შემდეგ რაც მღვდლის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს ვაკვირდებით ვხვდებით, რომ რეჟისორი ისეთ მორალურ დილემებს და დელიკატურ თემებს ეხება, რომლებიც მოაზროვნე ადამიანისთვის ყოველდღიურ საფიქრალს წარმოადგენს.
ფილმის სიუჟეტი პიროვნების ბუნებრივი მდგომარეობის გამოძახილია, ერთი მღვდლის პერსპექტივიდან განცდილი სულიერი მოგზაურობაა, რომელიც მაყურებელს უამრავ კითხვას უჩენს. რეჟისორი პიკასოს შეხედულებას იზიარებს: „ჯერ ვპოულობთ და შემდეგ ვეძებთ“, სწორედ ეს ძიების პროცესია ის რაც არ აძლევს ჩვენ გონებას მოდუნების საშუალებას და მუდმივად გვაფხიზლებს.
„სოფლის მღვდლის დღიურის“ თემატური როლი იმდენად დიდია, რომ სცენარის სიმარტივიდან გამომდინარე, მღვდლის სულიერი მოგზაურობით მიღებული განცდები მაყურებელზე სარკისებურად ირეკლება და კითხვების დასმას და ძიების პროცესს ისინი საკუთარ თავში იწყებენ.
ერთ-ერთ სცენაში მღვდელი ამბობს, რომ ღვინის და პურის მიღება მის გონებას ათავისუფლებს და ჯანსაღად აზროვნების საშუალებას აძლევს, რაც ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება.
მცირე დოზით ღვინო და პური (როგორც იესოს სისხლი და ხორცი) მღვდლისთვის მინიმალური საარსებო რესურსია და არა თრობის წყარო, თუმცა ამის შესახებ განსხვავებული აზრი გააჩნიათ სოფლის მოსახლეებს.
დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევს, რომ ეს სოფლის მოსახლეები, (ისე როგორც ბრესონის სხვა ფილმებში) ადამიანთა მანკიერ თვისებებს განასახიერებენ და მათი არსებობა იმდენად საჭიროა სიუჟეტისთვის, რამდენადაც მთავარი პერსონაჟისა, რადგან მღვდელი როგორც პიროვნება ვერ დაიხვეწება, რომ არა გარშემო მის წინააღმდეგ მომართული საზოგადოება. ის მათგან დამოუკიდებლად ვერ გაივლის განვითარების გზას რათა საბოლოოდ მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე.
მღვდლის სულიერი მოგზაურობა მისი გარდაცვალებით მთავრდება. ეს სიკვდილი ისეთი ღირსეულია და ისე ჰარმონიულად ერწყმის მთავარი პერსონაჟის მიერ განვლილ ცხოვრებას, რომ პირდაპირ გვახსენდება პარალელი ქრისტესთან. მღვდლის გარდაცვალება და ცხოვრება მრავლისმომცველი და სევდიანი იყო, შეიძლება იმიტომ რომ მას მხოლოდ ერთი ფიქრი აწუხებდა, რა დაემართებოდათ მისთვის მინდობილ სულებს, იგი სხვებზე უფრო დარდობდა, ვიდრე საკუთარ რეპუტაციაზე, ბოროტ ენებს არ უსმენდა და მიუხედავად ყველა შეურაცხყოფისა მაინც ცდილობდა ადამიანებში სიკეთის დანახვას, ზუსტად ისე, როგორც იესო.