ცივილიზაციისგან შორს, მომაბეზრებლად ლამაზ ბუნებრივ გარემოს შორის, არის ხელუხლებელი კუნძული. კუნძული, რომელსაც მოხუცი კაცი წააწყდა და გადაწყვიტა მისი მშვიდობიანი სამუშაოსთვის გამოყენება.
„სიმინდის კუნძული“ ტრადიციული ქართული კინოს მშვენიერი ნიმუშია, რომელიც არის გარკვეული აზროვნების, მაყურებლის განცდებისა და აზრების ფარგლები. როგორც ჩანს, ეს არაფერზეა – უბრალო ხალხი, ზოგი მიწას ხნავს, მასზე სიმინდი მოჰყავს, ზოგი კი საზღვარს იცავს. მაგრამ, ამ ერთი შეხედვით უბრალოებაში არის ბევრი სილამაზე, სიყვარული, გულწრფელობა. 2014 წელი, ჩვენი დრო, მაგრამ არ არის გაჯეტები, არც საინფორმაციო ხმაური, არც უკვე ნაცნობი “თანამედროვე” ცხოვრება. მხოლოდ მოხუცი – თითქმის ჰემინგუეის მსგავსი და გოგონა – მისი შვილიშვილი, ზღვაში ჩამავალი დიდი მდინარის ფონზე… მათი ცხოვრება ამ ცხოვრების ამონარიდია, რომელსაც ღრმა და ფილოსოფიური აზრის შინაარსი გასდევს .
ფილმი მოგვითხრობს ხანდაზმულ აფხაზ მამაკაცზე, რომელიც შვილიშვილთან ერთად საცხოვრებლად აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე კუნძულზე გადადის. იქ აშენებს სახლს, რგავს სიმინდს და გლეხურ ცხოვრებას ეწევა.
ფილმის განმავლობაში ვაკვირდებით შვილიშვილს, როგორ იზრდება და თოჯინით ხელში მოსიარულე პატარა გოგოდან ქალად როგორ იქცევა. ყველა უბედურება იწყება მაშინ, როცა საქართველოსა და აფხაზეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდება. მოხუცი და მისი შვილიშვილი კუნძულზე დაჭრილ კაცს პოულობენ და მკურნალობენ. ისინი მას პატრონობენ და იცავენ სამხედროებისგანაც. ადამიანური ურთიერთობები ძალიან ღრმად არის ნაჩვენები ორი მეომარი ეროვნების შეტაკების პირობებში. საბოლოოდ, სიცოცხლის ციკლი მთავრდება და წყლები შთანთქავს პატარა კუნძულს.
სიმინდის კუნძული ნამდვილად მეტაფორული ფილმია. აქ ტექსტის ნაცვლად ყურადღების ცენტრში ცხოვრების ციკლური ბუნების გამოსახულებაა. კუნძული იქცევა სამუშაო ადგილად და ამავდროულად სტაბილურობის მეტაფორად, ხოლო მდინარე, რომლის გასწვრივაც სამხედრო ნავები მოძრაობენ, საშიში, არასწორი მოძრაობის, ბოროტებისა და უსამართლობის სიმბოლოდ იქცევა. მოხუცი განასახიერებს შემოქმედებით პრინციპს, თუმცა მას არ ძალუძს წინააღმდეგობა გაუწიოს ცხოვრებისა და ბუნების გლობალურ კანონებს. საგულისხმოა, რომ ბაბუა და შვილიშვილი სიხარულით არ აგროვებენ თავიანთი შრომის ნაყოფს. მაყურებელი ვერ დაინახავს ნავზე დატვირთულ მწიფე სიმინდს, სიმინდი მხოლოდ იგავის ელემენტია, სიმბოლო, რომელიც არ საჭიროებს ლიტერატურულ ინტერპრეტაციას.
ამ ნაწარმოების ყველაზე ძლიერი მხარე ბუნების ფანტასტიკურად ლამაზი კადრებია – მდინარეები, სიმინდის ყლორტები ცისფერ მთებს შორს. ფილმის ისტორია, როგორც ასეთი, ვერ დაიკვეხნის დინამიურობით. ეს უფრო მეტად ყოველდღიური მუშაობის ქრონიკაა იგავის დასასრულით. ნაჩვენებია მოხუცის ყოველი მოძრაობა – როგორ დაატარებს ბოძებს, აჭედებს დაფებს, როგორ ხნავს მიწას და როგორ ეხმარება შვილიშვილი თესვაში. შრომის ამ რუტინას არ შეიძლება ეწოდოს სოციალისტური. ეს არის რაღაც მარადიული, შრომითა და ჭვრეტით ადამიანის ცხოვრების აზრის გამოვლენის მცდელობა და ამ იგავის მნიშვნელობა ძალიან მარტივია – უნდა იშრომო დარგო, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ნაყოფი შეიძლება განადგურდეს.
რეჟისორი გიორგი ოვაშვილი – ქართველი კიმ კი დუკი, არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია ეს შედარება, მაგრამ სტილისტურად „სიმინდის კუნძული“ ნამდვილად ჰგავს კორეულ ფილმს „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“. ორივე ფილმი ძალიან პოეტურია და სიმბოლოებით არის სავსე. მათში სიტყვები თითქმის არ არის და განვითარებული მოვლენები ყოველგვარი ახსნის გარეშე ნათელია.
“სიმინდის კუნძულმა“ ჩემში გამოიწვია ასოციაციები ისეთ ავტორებთან, როგორებიც არიან: ძმები ტავიანები და აკირა კუროსავა, განსაკუთრებით ესკიზები, რომლებსაც საკუთარი ფილმებისთვის თვითონ ხატავდა.
ფილმში ელემერ რაგალის ფოტოგრაფია თვალწარმტაცია და ზოგიერთი კადრები, განსაკუთრებით ბანაობის ბრწყინვალე სცენა ღამით… შთამბეჭდავი რეალიზმია. ექსტრემალურ პირობებში დოკუმენტური ფილმისგან არც თუ ისე შორს ვართ და როდესაც ვიგებთ, რომ გადამღებმა გუნდმა კუნძული არაფრისგან შექმნა, კიდევ უფრო კარგად გვესმის გიორგი ოვაშვილის ნამუშევრის მასშტაბები.
რა სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ შიშველი მიწა ნელ-ნელა, ჰარმონიულად და შეუმჩნევლად, ჯერ ხდება სახლი, შემდეგ სახლი და ფხვიერი მიწა, შემდეგ სახლი და ყლორტები, შემდეგ სახლი და პლანტაცია და პლანტაცია ხდება შესანიშნავი ნარატიული მიზანშეწონილობა, დასამალი ადგილი და განსაკუთრებით დასასრულის ნახვის შემდეგ, სიცოცხლის მიზეზი, რისთვისაც, ალბათ სიკვდილიც კი შეიძლება.
ფილმში ფაქტობრივად არ არის მუსიკა, მაგრამ მუდმივად გვესმის ბუნების ხმები: ქარის ხმა, ბალახის შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, რაც ბუნებრივად გმატებს რეალიზმს და მაქსიმალურად ჩაგძირავს მთელ ამ მოქმედებაში…
ასე ვითარდება ჩვენს წინაშე ცხოვრება ზომიერად, ჩუმად, ჰარმონიულად. სიმინდის მხოლოდ ერთი სასიცოცხლო ციკლის ფონზე, სადაც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გზაჯვარედინია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და არაჩვეულებრივი, დამაფიქრებელი დასასრული სადაც ბუნება ისევ თავისებურად მოდის…