“თივის ზვინებს მიღმა“ ბერძენი რეჟისორის, ასიმინა პროედრუს სადებიუტო ფილმია. მისი პრემიერა 2022 წელს შედგა და მრავალი ჯილდოს მფლობელი მალევე გახდა.
ფილმში მოქმედება სამ ნაწილადაა გაყოფილი და თითო ნაწილი სამი წევრისგან შემდგარი ოჯახის თითო წევრს ეთმობა. ისტორიას სამივე ნაწილი ერთ მთლიან სხეულად აყალიბებს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულში სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს.
თავდაპირველად ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც ტბაში თამაშობენ. სრულიად მოულოდნელად პატარა გოგონა წყალში მოტივტივე ორ გვამს წააწყდება. ბავშვები მშობლებთან ბრუნდებიან და აღმოჩენის შესახებ უამბობენ, თუმცა მათი მონაყოლის არავის სჯერა. შემდეგ იწყება პირველი თავი, რომელიც ოჯახის ე.წ. თავკაცის, სტერგიოსის ირგვლივ ვითარდება. თხრობა რამდენიმე დღით ადრე იწყება იმ მომენტამდე, სანამ ბავშვები გვამებს აღმოაჩენენ, თუმცა მაყურებელმა ეს არ იცის და ფილმის პირველ ნახევარში რთული გამოსაცნობია ქრონოლოგიურად რომელი ეპიზოდი რომელს უსწრებს წინ. ფილმის პირველ ნაწილში ვეცნობით სტერგიოსს, მამაკაცს, რომელსაც ჰყავს ცოლი და შვილი. იგი ერთი შეხედვით უწყინარ საქმიანობას ეწევა, მეზობელ ფერმერთან, ხრისტოსთან ერთად თევზაობს ტბაში და თევზს ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვართან ახლოს მდებარე მაღაზიაში აბარებს. ნელ-ნელა იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ფერმერების კლასში, თაღლითობა და ლტოლვილების უკანონო გადაადგილება თვითგადარჩენისათვის. როგორც ფილმის მსვლელობისას ირკვევა, სტერგიოსი არალეგალურ საქმიანობათა მორევშია ძალაუნებურად გახვეული, რათა ოჯახი არჩინოს.
სტერგიოსის, როგორც მხატვრული პერსონაჟის სახის მიმართ მაყურებელს შერეული გრძნობები უყალიბდება. ის ერთდროულად გამაღიზიანებელიცაა და საბრალოც. გაურკვეველია, შეგეცოდოს იმ უამრავი პრობლემების გამო, რაშიცაა გახვეული, თუ შეგძულდეს იმ არასწორი ქმედებების გამო, რასაც აკეთებს, იმ არასწორი აღზრდის მეთოდების გამო, რომელთაც თინეიჯერი ქალიშვილისადმი ავლენს.
ფილმის მეორე ნაწილში სტერგიოსი იჩრდილება და წინა პლანზე მისი ცოლი, მარია გამოდის. მარია სტერგიოსზე საინტერესო პერსონაჟად გვევლინება – ქალი, რომელიც ერთი შეხედვით ქმრის მორჩილია და სიტყვა არასდროს ეთქმის როცა ირგვლივ სტერგიოსია. რეალურად, მარიაც არანაკლებ ცდილობს ოჯახის პრობლემების მოგვარებას. ფილმის ამ ნაწილში იკვეთება ეკლესიასა და ლტოლვილებს შორის არსებული ნეგატიური დამოკიდებულების პრობლემაც. ორ ცეცხლს შორის აღმოჩენილი ღვთისმოშიში მარია ვერ ხვდება, ლტოლვილებს დაეხმაროს, ეკლესიის ერთგული დარჩეს თუ ოჯახის პრობლემებზე კონცენტრირდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მუდამ გაუგებრობაში მყოფი, საკუთარი ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, არასწორ ნაბიჯებს არასდროს დგამს.
ფინალურ ნაწილში თხრობა მარიასა და სტერგიოსის შვილზე, ანასტასიაზე ფოკუსირდება. მესამე თავში სრულიად ახალი ხაზი – ანასტასიასა და ხრისტოსის სიყვარულის ისტორია შემოდის, თუმცა ისტორიის მთლიანობა და ერთიანობა არ ირღვევა. ისეთი განცდა არ რჩება, თითქოს მესამე ნაწილი დანარჩენი ორისგან მოწყვეტილი იყოს. მაყურებელი იგებს, რას აკეთებდა ანასტასია მიმდინარე მოვლენების პარალელურად მშობლებისგან მალულად. გოგონას მეამბოხე სულისკვეთების ქარცეცხლის ფონზე ყველა კვანძი იხსნება, თანდათან სრულად იწყობა ისტორია ოჯახური პაზლივით. ანასტასიაც, მშობლების მსგავსად, მაყურებელში სიბრალულს აღძრავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტიპური თინეიჯერი შვილის სახეს წარმოადგენს.
ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ამბის ორ მთავარ ტრაგიკულ მოვლენასაც. პირველი – ლტოლვილების სასოწარკვეთილი, წარუმატებელი მცდელობა, რომ საზღვარი ტბის გავლით გადაკვეთონ. მეორე – ხრისტოსის სიკვდილი. საინტერესო ფაქტია, რომ არა ავის მსურველი სტერგიოსია პირდაპირ დაკავშირებული ორივე ტრაგედიასთან. ორივე ტრაგედია ერთის მხრივ გამომწვევი მიზეზია ფილმის მთავარი გმირების მომდევნო ქმედებებისა, რის გამოც იქცევა მთელი ისტორია ამ მოვლენებზე აგებული. სტერგიოსი ნელ-ნელა იაზრებს საკუთარი ქმედებების ფასს, თუმცა დანაშაულის გრძნობით გამოწვეული ტანჯვის წნეხს ვერ უძლებს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ეს, ერთგვარად, ფილმის მოსალოდნელი ფინალი გახლავთ.
ეპილოგის კადრებში ვხედავთ ანასტასიას, რომელიც მატარებელს ელოდება ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად. თუკი სტერგიოსმა პრობლემებისგან თავის დასაღწევად ტბაში დახრჩობა ამჯობინა, ანასტასია ამას მატარებლის საშუალებით ცდილობს.
რაც შეეხება მარიას, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში დაძაბული გახლდათ, ბოლო მომენტში ბედნიერია. ირონიული და ამავდროულად სიმბოლურია, რომ მარიას ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ქმარ-შვილისთვის ჰქონდა მიძღვნილი, თუმცა მაშინ გამოესახა სახეზე ბედნიერება, როცა მათგან გათავისუფლდა.
საბოლოო ჯამში, “თივის ზვინებს მიღმა“ ძლიერი პოლიტიკური მესიჯის მატარებელი ფილმია, რომელიც ნებისმიერ მაყურებელს ადამიანურ ღირებულებებზე, ოჯახის მნიშვნელობაზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე დააფიქრებს.