ხელოვანები რეალობის სისასტიკის აღსაწერად ათასგვარ მეთოდს იყენებენ და მსმენელამდე, მკითხველამდე თუ მაყურებლამდე მისატანად ენერგიის მაქსიმუმს დებენ სასწორზე, რომელსაც დიდების, სიმების შექანების ვალდებულება აკისრია.
იტალიელი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის ხშირად მხოლოდ თვალშევლებული და რატომღაც მარტივად ხელწამოსაკრავ ფილმად მიჩნეული “ყველაზე ლამაზი” ნეორეალიზმის ახალი საფეხურის ის გამოვლინებაა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის რეალიზმის პროზაული არაკეთილსახოვნება და კომედიის სატირული ელემენტები.
ანა მანიანი, მებრძოლი ქალის როლის შემსრულებელი, დაკარგული ცხოვრებით, ზუსტად ირგებს იმ პიროვნების ნიშნებს, რომელიც სისხლისმიერად უნდა შეიგრძნოს გადასაღებ მოედანზე მყოფმა და ბუნებრივი მრავალფეროვნებით ახერხებს ერთდროულად ტრაგიკული ბედისა და გულმხურვალე კომიკოსის კონტურების თავისეულად ქცევას ისე, რომ მაყურებელს ხშირად ეკარგება კიდეც ზღვარი ორ განსხვავებულ აბსტრაქციასა და სინამდვილეს შორის.
რეჟისორის მიერ კონტრასტულად დაპირისპირებული ორი განსხვავებული სამყარო, ერთის მხრივ, ანას პერსონაჟის მიერ გაღმერთებული კინო-რეალობა, რომელშიც ყველაფერი აწმყოზე ლამაზია და სპარტაკის ტრფობა აუშენებელი, საოცნებო სახლისადმი და მეორეს მხრივ, რეალობის მწარე მზერა, რომელსაც თვალს ყოველწამიერად უსწორებენ მოქმედი გმირები, ერთმანეთს ავსებენ და გვიხატავენ ომის შემდგომი პერიოდის იტალიას, რომის ქუჩებსა და, განზოგადებულად, ევროპის ახალ რელსებს.
ხელიდან გაშვებული შანსები, უკან მოტოვებული დიდების შესაძლებლობები და საკუთარი უსუსურობის გააზრება უბიძგებს მადალენას, თავგანწირულად, თუნდაც სისხლის წვეთების მსხვერპლშეწირვით აჩუქოს უმანკო შვილს ყველაფერი ის, რაც მისთვის მხოლოდ ეკრანზე იქცეოდა რეალობად და რისი ხელშეხებაც ასე ძალიან უნდოდა, თუმცა უშედეგოდ.
ადამიანის ბუნება ასეთია – დაუოკებელი სწრაფვა ამაღლებისაკენ, ეგოცენტრული მიდრეკილება გასხივოსნებისა და აღიარებისკენ – და როცა შენი წუთები დათვლილია, გზები ჩამთავრებულია, შანსები გამქრალია, საკუთარ თავში დამარხული განუხორციელებელი მიზნების ჩანერგვასა და ხორცშესხმას სხვისი მეშვეობით ცდილობ, რაც არა ერთ მხატვრულ ნაწარმოებსა თუ ყოფიერებაში დადასტურებულა.
ანა მანიანი ის ქალი აღმოჩნდება, რომელიც კრიტიკულ მომენტში იმპულსური, მიამიტური გადაწყვეტილებების მიღებას არ უშინდება გამარჯვების სურვილით მონუსხული, თვალთდაბნელებული იმ ნეტარებით, რომელსაც საკუთარი შვილის კინოსამყაროს ნაწილად ქცევა აგრძნობინებს.
რამდენადაც დიდია ანას წადილი და ამბოხი, იმდენადვე სასტიკია სამყარო, რაც კიდევ ერთხელ არგუმენტირდება ნაწარმოების ფინალით, რომელიც ერთდროულად სულის შემძვრელი და მისაღები, თითქოს ნაცნობია, რადგან რეალისტი რეჟისორები ზუსტად იმას აღწერენ, რაც ჩვენთვის უცხო ვერასდროს იქნება.
მხატვრული შტრიხები სასოწარკვეთილი, თუმცა მაინც გამარჯვებული, სულიერი სიმტკიცის ვერდამკარგველი ქალისა ჩვენ ირგვლივ მოსიარულე არა ერთი პიროვნების თვალებში აირეკლება, უბრალოდ ისინი ჩვენთვის შეუმჩნევლად იკარგებიან მრავალთასიან მასაში. ვისკონტიმ კი ინდივიდუალიზმი გააღმერთა, ერთი გასაჭირით შეპყრობილ უამრავ ადამიანში კონკრეტული წამოწია წინა ფლანგზე და შემაძრწუნებელი, ემოციური სიზუსტით დაგვიხატა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც რეალობასა და წარმოსახვას შორის არიან გაჭედილნი, რომელთაც ყველაფრის გაღება და გაუცნობიერებელ რისკებზე წასვლა ძალუძთ დასახული მიზნების მისაღწევად, რადგან ქალიშვილის გაღმერთების გადაწყვეტილების მიღების წამიდან მადალენას ცნობიერება მთლიანად დაემორჩილა მომავალ ვერსიას როგორც მისი შვილისა, ისე საკუთარი თავისა.
კულმინაციურ მომენტში ქალის ქმართან საუბრისას წამოცდენილი სიტყვები, რომლებიც ისევ და ისევ მის მიერ ნანახი ფილმის არარსებული მოქმედი პირის სილამაზეს შეეხება, მადალენას აღიარებით მხოლოდ ხუმრობად მოიაზრება, თუმცა რამდენად არის მხოლოდ გართობის საშუალება და რამდენად არ არის მისი ყველაზე ღრმა სურვილების, არაცნობიერი ლტოლვის გამოხატულება ჯერ კიდევ სადავოა.
Bellisima – ყველაზე ლამაზი – არა მხოლოდ ილუზიურ რეალობაში მორგებული როლი, არამედ ამქვეყნიური არსებობის განსმსაზღვრელი ფაქტორი ხდება.
ანა მანიანისა და ლუკინო ვისკონტის ერთობლივი ნამუშევარი იპყრობს დიდების მწვერვალებს და სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ იმედდაკარგული, გეგმებჩაშლილი და სურვილების ვერამსრულებელი ქალის როლის მომრგებელი ანა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი განსაკუთრებული ფენომენი ხდება.
თითქოს იგი მადალენასაც ახალ შანსს აძლევს.
თითქოს მის მიზნებს ფრთებს ასხამს და გაფრენის საშუალებას აძლევს.
თითქოს ქალიშვილი დედასთან ერთად დაუვიწყარ სახედ იქცევა.
თითქოს არა.
წამი დაჭერილია.